ვერლენი პოლ - ძველი დროის სწავლულებს
ძველი დროის სწავლულებს თურმე მტკიცედ სჯეროდათ - და ეს იდუმალების არ გამოდის ჩეროდან -, რომ შეეძლოთ, ზეცაში, ბედისწერის დანახვა და სულების შეცნობა ვარსკვლავების თანახმად (არაერთხელ გამხდარა ოხუნჯობის საგანი ღამის მისტერიებზე მათი გამონაგონი, თუმცა სასაცილოა, ხშირად, თავად დაცინვა). ხოლო დაბადებიდან ვინც ს ა ტ უ რ ნ ი თ აცრილა, ნეკრომანტთა ძვირფასი და ველური ღვთაებით, ნაღველი და ვაება ამღვრევს გაუთავებლად. ამას ამბობს გრძნეულთა უძველესი დავთარი. სატურნელთა შფოთიან წარმოსახვის ავდარი ანადგურებს მათივე გონის გამოვლინებას და მხურვალე ძარღვებში მათი სისხლის დინება, ვულკანიურ სიაფთრით და სამსალის მზაკვრობით, ემუქრება მათ სულებს სამუდამო გაქრობით. ასე ეწაფებიან ტანჯვის წყაროს დაუშრეტს და კვდებიან - თუკი მათ მოკვდავობას დავუშვებთ - ქვეყნად სატურნელები. მათი გზა ხომ მათივე ავბედითი ლოგიკის ხაზითაა გათვლილი. 1866 თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი