რემბო არტურ - ოფელია


I

კუპრისფერ წყალზე, სადაც მთვარე არის დარაჯი,
თეთრად ტივტივებს ოფელია, როგორც შროშანი,
ტივტივებს ნაზად, გახვეული გრძელ სუდარაში...
- შორით კი ტყეებს ჟრიამულში გააქვთ დრო-ჟამი.

საუკუნეებს ჩაუვლია, რაც ოფელია
მრუმე დინებას მარმარილოს ფანტომად მიაქვს,
რაც მისი ნაზი შეშლილობა წყალს მოფენილა
და სევდის რომანსს უჩურჩულებს საღამოს ნიავს.

თაიგულებით მორთულ გულმკერდს უკოცნის ქარი,
უთრთოლებს ლეჩაქს, უსიცოცხლოდ წყალზე განფენილს,
ტირიფთა ცრემლით ენამება ფერმკრთალი მხარი
და ლერწმიანის უნიავებს შუბლს მონაბერი.

ზოგჯერ, გაცრეცილ დუმფარებით შემორკალული,
ჩიტს გააღვიძებს თხმელის ხეზე და ყურს მიაპყრობს,
როგორ მოსწყდება, მაღლით, ბუდეს ფრთათა მარულა:
- და ცას ჭიკჭიკი იდუმალი როგორ მიაპობს.

II

ო, ფერწასულო ოფელია! თეთრო, თოვლივით!
შენი არსება დინებათა დუდუნს დანებდა!
- ეს ის ქარია, ნორვეგიის მთებგადმოვლილი,
თავისუფლების გაკვეთილებს რომ გიტარებდა.

ეს ის ქროლვაა, ახლა სოველ თმებს რომ გიწეწავს,
უცხო შრიალით რომ გივსებდა, წინათ, ოცნებებს,
როცა ბუნებამ მელოდია გამოგიძერწა
და ყურს უგდებდი ღამის ოხვრას, ტყის საოცრებებს.

ეს ხმაა მბორგავ ტალღებისა, ასე ულმობლად
რომ დაგიმსხვრია გული ნორჩი და ხელუხლები.
ეს ის დილაა, როცა გიჟი პრინცი გსტუმრობდა
და უტყვს და ფერმკრთალს შეეგება შენი მუხლები!

თავისუფლება! სიყვარული! ცა! შენ ამ სიზმრის,
ვით თოვლზე ცეცხლის, ისე გსურდა აგიზგიზება:
მოჩვენებისგან მოქანცულო, ვერავინ გიხსნის,
- შენს ცისფერ თვალებს მისწვდა კვდომა და გაგიჟება!

III

- და მერე იტყვის პოეტი, რომ შუაღამეში,
ყვავილებს კრეფდი მთვარის შუქზე, იყო დრო-ჟამი,
და რომ გიხილა გახვეული გრძელ პირბადეში,
წყლის ზედაპირზე მოტივტივე, როგორც შროშანი.

1870

თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე

"პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელთა კრებული - კოტეტიშვილის პრემია 2010", დიოგენე
"პოეტური თარგმანის ანთოლოგია", 2017

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი