რემბო არტურ - ჩემი ბოჰემა
მე, გამორღვეულ ჯიბეებში მუშტებჩარგული, მივაბიჯებდი. ქურქიც მესხა იდეალური. მივდიოდი და მუზავ, შენი მწვავდა ალმური! ო! რა ბრწყინვალე სიყვარულით მიძგერდა გული! გზად, ერთადერთი, გახეული შარვლის ამარა, მე, მეოცნებე ცეროდენა, ვიყავ გართული რითმვით. "დიდ დათვზე" მომელოდა ბინა-ფარდული და მოშრიალე ვარსკვლავების მეკრა კამარა. საღამოობით, სექტემბერში, გზის პირას მჯდარი, მე მათ ვუსმენდი, როცა, მძლავრი ბახუსის დარი, მეამებოდა შუბლზე ცვარი - ჩემი დობილი; როცა, რითმვისას, მეხვეოდა ჩრდილთა ფანტასმა და ჩემს გაცვეთილ ფეხსაცმელზე ვჭიმავდი თასმას, ვით ქნარზე - სიმებს, ცალი მუხლით გულს მიყრდნობილი! 1870 თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე "ლიტერატურული გაზეთი", სექტ-ოქტ 2012
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი