ბოდლერი შარლ - შხამი


ბახუსმა იცის, როგორ მორთოს ბნელი მიწური 
სასწაულებრივ დიდებულებით 
და როგორ შექმნას ზღაპრულ სვეტთა მწკრივი ულევი, 
ოქროვან ორთქლში ამოისრული, 
თითქოს მზის ჩასვლით იღებება შავი ღრუბლები. 

თრიაქი უფრო აუკვდავებს უკვდავ არსებებს, 
ახანგრძლივებს უსაზღვროებას, 
აღრმავებს დროს და მარადიულს ხდის სიტკბოებას 
და ეს ლხენანი ჭარბად ავსებენ 
სულს სიპირქუშით და არღვევენ მის მყუდროებას. 

ეს ყოველივე ვერ ედრება შენი თვალების, 
მწვანე თვალების შხამიან სურას, 
ტბას, სადაც სული ჩემი თრთის და თავდაღმა ცურავს... 
სად ოცნებები, შენით მთვრალები, 
ილტვიან, რათა დაეწაფონ მწარე გუბურას. 

ეს ყოველივე არ ღირს არც იმ მძლავრ სასწაულად 
შენი მეტად მსუსხავი ნერწყვის, 
ჩემს სულს რომ მარხავს არყოფნაში, უღონოდ სეტყვილს, 
ვინც თავბრუსხვევას ვერსად წაუვა 
და ბანცალ-ბანცალ, საიქიოს ნაპირებს ერწყმის!

1857 

თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე

"პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელთა კრებული - კოტეტიშვილის პრემია 2010", დიოგენე
"ფრანგული შანსონი", ინტელექტი 2015

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი