ვიანი ბორის - ბიზნესი


წინათ ვყიდდი იებს,
ლამაზს, ნაირნაირს,
ვაფასებდი იაფს,
ვერ გავყიდე მაინც!
მაკრატლებიც ვცადე,
სარკე-სავარცხლებიც
და ნაკრებიც დავდე
დახლზე სამართებლის.
ტვირთსაც დავათრევდი
დაღმართების ჩავლით
და სკამ-სავარძლებიც
მიტენია ჩალით.
შევეწირე ლამის
მიუღწეველ მიზნებს...
მაგრამ ბოლოს, ნამდვილს
მივაგენი ბიზნესს! –

პარიზის ქუჩებში ვაქროლებ "კადილაკს",
მსახურებს დიდ ხელფასს ვაძლევ,
ყოველი ჟანდარმი ჩემი ძმაკაცია,
ცხოვრების მოვედი აზრზე:
ქვემეხებს ვყიდი!
მაქვს ყველა ფერის,
პატარა, დიდი,
მოკლე თუ გრძელი...
მყიდველი ბევრი ჰყავს ამ ძვირფას ინსტრუმენტს.
– ბავშვს უარს ნუ ეტყვით, თუ ქვემეხს ისურვებს!
– იყიდეთ ქვემეხი!

დაიკავეთ რიგი,
სადაც ლულა ელავს!
მისი ჭურვით ირგვლივ
გადავბუგავთ ყველას.
ნაცარტუტად ვაქცევთ
შენობას თუ ქუჩას,
გამოჩნდება საქმე,
დასაქმდება მუშა,
ოჯახს შექმნის ტკბილად,
ეყოლება ბავშვი,
სახელმწიფოს მიმართ
არ დარჩება ვალში –
წამოჩიტულს, მყისვე
ომში გაისტუმრებს.
ბიჭიც, სიმღერ-სიმღერ,
შეაკვდება ჭურვებს!

ქვემეხზე იმდენი მივიღე დაკვეთა,
წითელზე, თეთრზე თუ შავზე,
რომ მესაფლავეებს აეწყოთ საქმე და
თავად კი აღმოვჩნდი მშრალზე –
ყველა კლიენტი
ჭურვს შეეხეთქა
და დავრჩი კენტად
ამ ქვემეხებთან...
და თავი მგონია კოშმარულ სიზმრებში...
ხალხს ვეძებ! ხელიდან მეცლება ბიზნესი!
– იაფად ქვემეხი!

1955

თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე

"ლიტერატურული პალიტრა", იანვარი 2013
"ფრანგული შანსონი", ინტელექტი 2015

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი