დე ერედია ჟოზე-მარია - მშვენიერი ჩელო


აივნის ზღუდეს დაყრდნობილი, გასცქერის ქალი
გზას, ლუარადან იტალიის წყლებისკენ მავალს,
შუბლს ზეთისხილის გახუნებულ რტოებში მალავს.
წინ ია ყვავის, თუმცა ისიც დაჭკნება მალე.

ჩელოზე უკრავს, დასტყობია თითებზე დაღლა,
ასე იქარვებს მარტოობის მელანქოლიას.
მისი ოცნება იმ საყვარელ კაცს გაჰყოლია,
ვინც მიატოვა და რომაულ მტვერს ტკეპნის ახლა.

ქალი, რომელსაც ის ეძახდა "ანჟუს სიამეს",
სულს ანგელოსურს მთრთოლავ სიმზე ახეტიალებს,
როდესაც ამღვრევს კაეშანი და გულს უსერავს;

და შორს, ქარს ატანს იმ სიმღერას, მისგან ყურმოკრულს,
მისსავე შექმნილს - ქარი, ალბათ, მიაგნებს ორგულს -
ოდესღაც, ხორბლის გამცხავებელს რომ დაუწერა.

1893
(რომენ გარის რომანიდან "ფრანები", აგორა 2017, მთარგმნელი: ემა ობგაიძე)

თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი