დარვიში მაჰმუდ - იგი საკუთარ მკვლელს
იგი საკუთარ მკვლელს ეხუტება, მისთვის გულის ასაჩუყებლად: ძალიან ხომ არ გაბრაზდები, თუ გადაგირჩი? ძმობილო ჩემო! რა ჩავიდინე, მოსაკლავად რომ გემეტები?.. მაღლა მიმართე შენი ცეცხლი, ორმა სვავმა გადაგვიფრინა! ჩემგან შორს სტყორცნე, დააფრქვიე ეს ჯოჯოხეთი... და გვეწვიე დედაჩემის პატარა სახლში, ცერცვის შეჭამანდს მოგიმზადებს. რას იტყვი? რას იტყვი? ჩახუტებამ და ჩემმა სუნმა ხომ არ დაგღალა? იქნებ შენმავე შიშმა მოგქანცა, ჩემში მალულმა? მაშ მოისროლე მდინარეში ეს იარაღი! რას იტყვი?.. მტერმა მიზანში ამოიღო ეს ჩახუტება? მაშ, მტერს ესროლე, და ჩვენ მის ცეცხლს გადავურჩებით და შენც შეცდომას აღარ დაუშვებ. რას იტყვი? მტერი რომ სახლში - ჩვენთან - შევიდეს, შენ კი მღვიმეთა მითში დაბრუნდე, ამისთვის მომკლავ? რა უქენი დედაჩემის ყავას, შენს ყავას? რა ჩავიდინე, მოსაკლავად რომ გემეტები, ძმობილო ჩემო? არ მოვეშვები ამ ჩახუტებას. ხელს არ გაგიშვებ! 1986 თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე (არაბულიდან ელიას სანბარის თარგმანის მიხედვით. კრებულიდან "ჩვენ დედამიწა გვევიწროება", გალიმარი 2000) "ახალი საუნჯე" n°1 (31), იანვარი 2016
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი