გენსბური სერჟ - ბილეთების გამხვრეტი


მე ვარ ბილეთების გამხვრეტი,
წინ რომ ჩაუვლი და არც გახედავ.
გვირაბში, სადაც მზე ვერ აღწევს,
მგზავრი მგზავრს ასწრებს.
დრო რომ მოვკლა, თან მაქვს ერთი
ძველი "რიდერზ დაიჯესტი" –

შიგ ყვებიან დიდის ამბით,
თუ როგორ ასწორებს მაიამი...
მე კი დავმდგარვარ ამ ხვრელში და
ვოხუნჯობ მშვიდად...
არ არსებობს ცუდი საქმე –
გამხვრეტად ვმუშაობ აქ მე!

ვხვრეტ და ვხვრეტ, ვხვრეტ და ვხვრეტ, ისევ ვხვრეტ და ვხვრეტ!
ეს – მეორე კლასი,
ეს – პირველი კლასი…
ვხვრეტ და ვხვრეტ, ვხვრეტ და ვხვრეტ, კვლავაც ვხვრეტ და ვხვრეტ!

მე ვარ ბილეთების გამხვრეტი.
– თქვენ "ოპერაზე" უნდა ჩახვიდეთ!..
ხვრელში ვცხოვრობ, სხვა სახლს არც ვეძებ.
და ტანსაცმელზე
ქაღალდების ფიფქი მადევს
და მიმყვება ლოგინამდე.

აქ ზეცად ქაშანურია,
ვარსკვლავებად – საგანრიგო სია.
ზოგჯერ ოცნება გამიტაცებს,
ბაქანს ზღვად აქცევს,
შორ ნისლებში ვიკარგები,
ვხედავ, ჩემკენ მოდის გემი,

რომ მიხსნას ხვრელიდან, სადაც ვხვრეტ და ვხვრეტ!
მაგრამ გემი ქრება…
გონი მიბრუნდება
და ვრჩები ხვრელში და კვლავაც ვხვრეტ და ვხვრეტ!

მე ვარ ბილეთების გამხვრეტი.
– თქვენ, ჯობს, "ლევალუადან" წახვიდეთ!..
მომბეზრდა და ამომივიდა!
გავიქცე მინდა,
გავიპარო, როგორც ქურდი
და შორს მოვისროლო ქუდი!

მოვა დრო და ფრთებს მეც გავშლი,
მეც გავინავარდებ ბუნებაში,
გამეფინება შარაგზები,
და წავალ გზნებით!
და თუ ჩემი ზარი ისმა,
გავუდგები სამარის გზას.

ვხვრეტ და ვხვრეტ, ვხვრეტ და ვხვრეტ, ისევ ვხვრეტ და ვხვრეტ!
დროა, გიჟმა მუშამ,
გავიკეთო შუბლში
ნახვრეტი, ნახვრეტი, ბოლო ნახვრეტი!

და ერთ ხვრელში ჩავეტევი
და მორჩება ნახვრეტები!

ნახვრეტები,
ნახვრეტები,
ნახვრეტები,
ნახვრეტები...

1958

თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე

"ლიტერატურული პალიტრა", იანვარი 2013
"ფრანგული შანსონი", ინტელექტი 2015

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი