პიკო პოლინ - დადგება ჟამი (ფრაგმენტი)


ჩამოგწმენდ სევდას.  
შუქთაგან ყველაზე შეუძლებლისკენ გაგიხელ თვალებს.  
გავეხვევით სინათლის და სიცოცხლის ქურქში.  
გულში ჩაგიკრავ. 
აღარ იქნება სისაძაგლე.

ფერებს შეგიქმნი, თუ მოისურვებ.  
აღარასდროს იხილავ ჩრდილებს.  
მოვკლავ, ვისაც შენში ეჭვი შეეპარება.
ხელზე დაგიდებ სამკაულს, 
ბილეთებს ნებისმიერი მიმართულებით, 
ფულს, 
უსარგებლო ფუფუნებას.

ცხენებს მოვიხმობ, 
ციდან ჩვენკენ დაეშვებიან  
და წაგვიყვანენ 
შორს გონისგან 
და ჭახანისგან.

დავწვავ ყველა სახლს, სადაც ტანჯვა გამოგიცდია, 
სადაც მოხრილხარ!  
დავწვავ ყველა გზას, სადაც, ფიქრით - "ღირს კი სიცოცხლე?" - გიბარბაცია!  
შენთან მოვალ, 
მუხლს მოვიყრი 
და წარსულიდან გამოვიხმობ შენს სიყმაწვილეს.

ჩვენ ერთად წავალთ  
და გზად, 
პატარა თეთრ კენჭებივით, 
გვამებს დავტოვებთ.  
ჩვენს სულელურ ოდისეას თავადვე შევქმნით.

დიდი სიჩუმე ჩამოწვება ჩვენს სხეულებთან,  
შენ მასწავლი მე ამ სიჩუმეს.  
შენ გამომკვებავ.  
ხელით მატარებ ხეებს შორის, როცა დაღლილი, სვლას ვეღარ შევძლებ.  
ბოროტ სულებს გავერიდებით!  
აღარ იქნება, რასაც ვეძახდით "სამსახურს" და "უმუშევრობას".  
გადავეჩვევით ჩვენ ამ სიტყვებს.  
"გასაუბრებას", 
"დასაქმებას", 
"მოტივაციას", 
"ხელის ჩაქნევას", 
"დანებებას"... გადავეჩვევით!

დრამები აღარ დაგვატყდება. 
დრამებს ჩვენ შევქმნით, თუ მოწყენა შემოგვაწვება.

დრო გაქრება.
აღარც ოჯახი გვეყოლება,    
აღარც ხსოვნა გვექნება რამის.  
ერთ ადგილზე დავრჩებით დიდხანს, 
დაუმალავად,  
რადგან არავინ დაგვიწყებს ძებნას,  
აღარავის გავახსენდებით  
და არავის ეცოდინება, რომ ჩვენ აქა ვართ.

ჩვენ დავბერდებით.  
ბევრი საუბრის, 
ბევრი ხალხის ნახვის გარეშე გავა ცხოვრება.  
ერთადერთი, ვისაც გავიცნობთ, ჩვენვე ვიქნებით,  
მხოლოდ ჩვენ ორნი ამ ქვეყანაზე,  
რომლებსაც ისე კარგად გავიცნობთ,  
ნებისმიერ დროს შეგვეძლება მონახულება!

გამოვიგონებ ჟესტს, რომ გაკურთხო -  
ჩემი ცრემლები გექნება ყელში,  
ჩემი თავი – ხელის მტევნებში.  
უკუსვლით ვივლი შენს ხელებში,  
მივადგები სიცოცხლის საწყისს.

აღარასოდეს გამომკეტავ,  
სირბილსაც მაცლი გორაკებზე, ნაგავსაყრელზე...  
მანამ, სანამ მეხდაცემული,  
ჩამოვვარდები  
და ჰაერში, ღმერთი დამიჭერს.

შენ, ამ ქვეყნით გახუნებული, 
ხელმეორედ აკაშკაშდები.

ჩვენ წავალთ ჩვენი საუკუნიდან! 
წავალთ უფულოდ, 
უგეგმებოდ.  
წავალთ... და არ დავიკარგებით,  
ვერ გვიმსხვერპლებენ სექტები და რელიგიები.  
ვერ წაგვიღებს ცხოვრების ტალღა.

მე შენს დარდებს ავიღებ და უკლებლივ შევჭამ!  
შენივ წუხილის ღეჭვა-ღეჭვით, მშვიდად შეგხედავ.

ტაძარს ავაგებ,  
თითო გზაზე, თითო ქვას დავდებ, 
ჩემი სულელი სიყვარულით დავაცემენტებ!
ჩვენ იქ ყოველ წელს დავბრუნდებით.

გავაცოცხლებ, ასე, დედაშენს.

მერე წაგიყვან ლას ვეგასში, არ იქნება სადაც არავინ. 
ჩვენ ვითამაშებთ, შენ მოიგებ, ისევ მოიგებ. ყოჩაღ, ყოჩაღ, ჩემო ძვირფასო.

შენთვის ვიშოვი ფუფუნების ყველა სახის კონტრაბანდულ ნივთს.

ოქროს საბადოს ვიპოვი შენთვის.

სამსახურს გიპოვი. 
კონტაქტებს, კონტრაქტებს გაგიჩითავ. 
ერთად გავივლით გასაუბრებებს, სადაც ყოველ მცირე „უარზე“, 
მე ყელებს დავხვრეტ. 
ძებნას არავინ დაგვიწყებს, რადგან 
ათასობით სხვა მკვლელობა მოხდება ათასობით სხვა გასაუბრებაზე. 
მე სიფხიზლეს შევინარჩუნებ. 
შენ შეგეძლება, კვლავ იოცნებო. ჩემს ფეხებზე შემდგარი ივლი. 
მე საფრანგეთის ციფრებს ჯვაროსნულ ომს გამოვუცხადებ.

ვეღარ გავიგებ, დედა ვარ შენი, და, თუ ფიქრი, სულ თან რომ დაგდევს. 
ჩვენ დავივიწყებთ ჩვენს ბავშვობას, ახალგაზრდობას და მოგონებებს. 
ვერ გავიგებთ, იგივე სჭირთ თუ არა სხვებსაც. 
არც მოვისურვებთ ამის გაგებას.
სულ რამდენიმე ნივთს ჩავიწყობთ ზურგჩანთაში, 
შენ – საჭიროებს, მე – ძვირფასებს.

შენ, წამდაუწუმ, შესვენებას და ძილს ისურვებ. 
სიკვდილიც ძილში დაგიძახებს.  
შემეშინდება!  
ცემას დაგიწყებ, 
მუჯლუგუნს გკრავ, 
სვლას გაიძულებ!  
მუდამ საფრთხეში მეგონები.

დავიზეპირებ შენს მოგონებებს,
ყველა შენი მეგობრის სახელს,  
ყველას სახეს, ვინც გადაგყრია,  
იმ ქუჩებს, სადაც გიცხოვრია, სადაც გივლია,  
იმ სიმღერების ტექსტებს, რაც კი მოგისმენია,  
ყველა იმ ბარათს, რაც ოდესმე გიგროვებია...  
და გავხდები ყოვლისმცოდნე, 
ვიქნები შენი ბიბლიოთეკა,  
ჩემსავ თავში, 
ჩემსავ სულში განთავსებული.

ჩემოგირეცხავ თვალებიდან, რაც კი გიხილავს.

ტირილით ვივლით ჩვენ ამ გზაზე. 
წყალი ცხვირიდან, 
ნიკაპიდან ჩამოგვეღვრება.  
აღარავინ იქნება ირგვლივ.  
ჩვენ არ ვიქნებით არც ბავშვები, არც ზრდასრულები,  
ტანსაცმელს ჭუჭყი გაგვიშავებს,  
თმები კანზე მიგვეწებება,  
ნანგრევებში დავიწყებთ თამაშს,  
მე ყელსაბამად მეკიდება ჭაღის ნამსხვრევი,    
განძი შენგან ნასახსოვრები - 
ჩვენი ფიცი რკინის გროვაში.

არ შეგვაწუხებს -  
არც შიმშილი, 
არც წყურვილი,  
არც მოწყენა,  
არც სირცხვილი,  
არც გართობა,  
არც ეჭვიანობა...  
აღარაფერი მოგვაცდენს ქვეყნად!  
მხოლოდ გზად ყოფნის 
და შესრუტვის 
მარადისობა იქნება ჩვენ წინ.   

2016

თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე

"ინდიგო" n°20, ივნისი 2017

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი