სუშონი ალენ - გაფრენილა სიყვარული


კოცნა - აღბეჭდილი მგრძნობიარე კანზე,
სურათები - განზე მოსროლილი განძი...
რას დავეძებთ! თუ ნაღველი დაგვღლის,
შემოვახვევთ გამჭვირვალე გრაგნილს.

ველვარებდით, გული სიყვარულით ძგერდა.
და ვცხოვრობდით ორნი და ვტკბებოდით ერთად...
უმალ: ჭიქის ნამსხვრევები - ხელში,
სისხლის წვეთი - ფაიფურის თეფშზე!

დროს, დროს
ვერ გავუძელით!
ალბობს
შენს ლოყას ცრემლი.
ვამჯობინებთ სიტყვას დუმილს.
გაფრენილა
სიყვარული.

და მოვიდა ბავშვი მაქმანებში ვერცხლის -
დაბრუნება უყვართ შორს გაფრენილ მერცხლებს.
მივატოვე სულ ახალი ბინა!
ანტუანი, კოლეტი, საბინი...

მუდამ იმას ველტვი, რაც ვერ დავიგულე -
გოგოების სურნელს, ცრემლის თაიგულებს.
იმ სითხესაც ეს სურნელი სდევდა,
კეფაზე რომ ისხურებდა დედა.

დროს, დროს
ვერ გავუძელით!
ალბობს
შენს ლოყას ცრემლი.
ვამჯობინებთ სიტყვას დუმილს.
გაფრენილა
სიყვარული.

1979
(ფრანსუა ტრიუფოს იმავე სახელწოდების ფილმიდან)

თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი