მაშასადამე


რაზე ფიქრობდა, ნეტავი მეფე?
ენარცხებოდა, როცა ქვაფენილს...
ან რა სიზმრები ესიზმრებოდა?
მხატვარს, კიბის ქვეშ, ფარდაგ გაფენილს...
ან რა განცდაა? გიყვარდეს და ვერ ეხებოდე...
ლექსით ეტრფოდე შენს დედოფალს,
დარდით ხმებოდე.
ან რა გრძნობაა, წიწამურთან ტყვიის მოხვედრა?
რომელიც ჩვენს ერს, ალბათ დღემდე არ ეპატია...
დათესილს ვიმკით, ტანზე გვმოსავს, ცოდვის მანტია,
ის პაწაწინა ტყვია თითქოს, ანდამატია...
არადა, როგორ ახლოს იყო, ერი მიზანთან...
მაგრამ წავაგეთ, მოგებული თითქმის, პარტია...
ალბათ ღირსი ვართ, ქართველი რომ ამას იზამს თან,
ღმერთმა შემინდოს, მაპატიოს, ეს აპათია...
და მონობაში მყოფებს თითქოს, 
თავისუფლების გვიცავს ქარტია,
“ჩემი სამშობლო, ჩემი ხატია!”
ეს არც თეზისი და არც ფაქტია.
ახლა, ხატებზე გამახსენდა, თევდორე მღვდელი.
ჯვრის იმედად რომ გაიარა, სიკვდილის ველი.
როგორ გასწირა სამშობლოსთვის, სიცოცხლე სხვისთვის...
ნეტავ როგორი შეგრძნებაა? კვდებოდე ღვთისთვის...
არავითარი ქონება და მხოლოდ იესო.
რა განიცადა? ზეცაში რომ, მისი მიეზღო...
რა თავგანწირვა? მოხვეჭაა, ახლა მთავარი!
გრძნეულობებით გააკვირვეს - ქაჯი დავარი...
და იფიცებენ, ღმერთის სახელს, თითქოს იცნობენ,
არ ერიდებათ, ოქრო-ვერცხლით, სტუმრად უხმობენ!
ყვავ-ყორნებისგან დაკორტნილი, სულ რომ დგებოდა,
ნეტავ მანახა, “მთის არწივი” როგორ კვდებოდა...
ანგელოზების მოფრენილა, დასი ფრთოსანი...
“ღმერთო სამშობლო მიცოცხლე!”-ო ამბობს მგოსანი...
მერე კი სული, მიიბარა, მისი უფალმა..
ნეტავ რა იგრძნო? საბოლოოდ, თავისუფალმა...
ან როგორია? როცა სიკვდილს, უმზერ თვალებში,
კედელს ეყრდნობი, ჩახმახები შემართულია,
შიშის მაგივრად, სიამაყე დარბის მალებში
და როცა ხვდები, ეს შენი გზის დასასრულია...
ნეტავ რა უთხრა, იაშვილმა ბოლოს ტიციანს? 
სანამ სიკვდილი ეწვეოდა, თოფის ლულიდან...
“ცისფერყანწელებს”, ვერცხლ ნაჭამს და ძმობის ფიციანს,
თავისუფლება დაეღვარათ, ალბათ გულიდან!
“საქართველოში იბადებოდნენ და მერე მუდამ სწუხდნენ ამაზე...”
არ მგონია მე, მიზეზი იყოს, ან ბავშვობა და ან სილამაზე...
ქართველი ერი, სატანჯველად ვართ გაჩენილი,
ღვთისმშობლის ლოცვით, მეოხებით გადარჩენილი...
ამაზე სწუხდნენ წინაპრები, თუმცაღა რწმენა,
მტერზე ძლიერი აღმოჩნდა და ქართული ენა!
ლაზარესავით აღადგინა, არ გადაშენდა
და ამ ენითვე დაიწერა: “დიდება შენდა!”
ჩემი სამშობლო, ახლა სულ სხვა კალაპოტშია...
დაქსაქსულია - ერი, ბერი, ყველა შფოთშია...
აღარც მამული, აღარც ენა და აღარც რწმენა
და აღარავის, აღარ უნდა, ღმერთის მოსმენა...
მე შენ მაქციე ემიგრანტად! თუმც არ გემდური...
კვლავ მონატრება მიჩქეფს სისხლში, როგორც ენგური!
ვერც განშორებამ, სხვისი ქუდი, ვერ დამახურა
და გულში ცეცხლმა სიყვარულის, კვლავ გამახურა!

ახლა, მე გეტყვით, ჩემს გრძნობებზე, სანამ გადავხტი...
სანამ კიბის ქვეშ ამომხდება, შიმშილით სული...
ან სანამ ვიღაც, ვიგინდარა, მესროდეს ტყვიას
და ვიდრე თვალებს, მოიცავდეს, სიბნელე სრული...
ან სულაც, ვინმე შემიყვარდეს, მეც უპასუხოდ,
იქნება შევძლო, თქვენს შეკითხვებს, რომ ვუპასუხო...
სანამ დამხვრეტდეთ, თუ ვინატრო, ხელში ფოთლები,
ჩემი ლექსები შეიფარეთ, როგორც ობლები...

ჩემი გრძნობები რომ გაიგოთ, უნდა მიცნობდეთ...
მინიმუმ ღამე, გაათენოთ, უნდა საუბრით...
რას არ დავთმობდი, ამ ყველაფერს, თქვენც რომ იგრძნობდეთ,
მე თქვენსკენ! თქვენ კი, ისევ ბოროტს მხარი აუბით.
ვინც მიხსენიებს მე აუგით, ენა გაურბით,
ღმერთმა განსაჯოს... არ შეგაწყენთ მე თავს საუბრით...

მხოლოდ ერთს გეტყვით, 
ვითამაშებ, რითმების სეტყვით!
გიენებივით, დაჭრილ ლომს რომ, გარს შემომერტყით!
“პატივცემულო პოეტებო!” ჩემზე მაღლებო,
პოპულარობას დამშეულო, ავო ძაღლებო!
და დასანგრევად განწირულო, უშნო სახლებო,
გარედან კარგად შფუთულო, ვითომ ახლებო...
მე როცა ვწერდი, სანთლის შუქზე, მათრობდა მუზა
და სახიფათო ადგილებში, ჩავუშვი ღუზა...
თქვენ სად იყავით? როცა ღამე მეფერებოდა...
და მიმღეროდა, მთვარე ჩუმად, სევდიან ზღაპარს...
როცა ვარსკვლავებს, ჩემთვის ყელი ეღერებოდა
და პოეზია, მთავაზობდა, იდუმალ საფარს...

საუკუნის წინ დავმეგობრდით: მთვარე, ცა და მე,
შენ კი, იდექი განზე, როგორც - “მაშასადამე”...


26.06.2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

5 კომენტარი

მომეწონა როგორ ყველა სფეროს შეხებიხარ ყველაფერი გითქვია აწი რაღა უნდა დაწერო მეტი....

მე არ ვწყვეტ (სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ) , "ლექსი თვითონ მწერს..."...

Nino k.gMedic.2 წლის წინ

შესანიშნავია.

ოდესღაც იყო...

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი