ვერ შეგპირდები ნიცას!


ვერ შეგპირდები ნიცას
ყოველ საუზმედ პიცას,
მე ვერ შეგმოსავ "პრადად"
ყოველი დილის დარად,
ვერ დაგაპკურებ "დიორს" 
სუნიც ექნება ნიორს,
ვერ გასეირნებ "ბენტლით"
ვერც სადედოფლო ეტლით,
"კარტიეს" მე ვერ გიძღვნი 
თვალს რომ ჭრის მისი სხივნი,
მაჯას ვერ გაბნევ "როლექსს"
და მე არ მიქმნის კომპლექსს
ეს ყველაფერი რადგან 
იმ განსხვავებით მათგან 
ვისაც ესენი ძალუძს
მე შენგან სულ სხვა რამ მსურს.
მაგრამ ვიძლევი სიტყვას,
სათქმელი უნდა ითქვას:
დილას მოგიძღვნი იებს,
საღამოს ოქროს ბიებს,
თუ აცივდება შენთვის 
ბუდეში ჩაგსვამ მერცხლის,
და თუ კი დაგცხა, გესმის?
ქოხს აგიშენებ ლერწმის,
ხშირად მოგიძღვნი ლექსებს,
და დაგიკოცნი მტევნებს,
გიტარაზე ვწყვეტ სიმებს
გიფრთხობ კოშმარულ სიზმრებს,
ღიმილით ივლი ქვეყნად 
ბედნიერების ელჩად,
გპირდები შენს თავს ვფიცავ
რომ სულს მოგირჩენ მტკივანს.
გაკვირდები და გატყობ
გსურს თქმა მაგრამ ვერ ამბობ
ეს ყველაფერი გინდა
ეს სიყვარული წმინდა,
მაგრამ გაგირბის თვალი 
იქ სადაც ბრწყინავს ლალი.
მე არ გაკავებ კარგო
ოღონდ შენ არ დაკარგო
თავი, არ დარჩე ეული 
და იმედგაცრუებული.
დანი ადამელია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი