შენი ტუჩების გემო


შენი ტუჩების გემო და ყელზე ძარღვის ფეთქვა,
ჩამყვება საფლავს მკვდარსაც, აი ეს უნდა მეთქვა,
წელს მოხვეული მკლავი, მიამიტური მზერა,
მომენატრება მუდამ შენი ღიმილის ცქერა.
დღეს გნახე ქუჩის კიდეს და ამიქციე მხარი,
როგორ გაჩნდა და რატომ, ჩვენ შორის დიდი ბზარი?
მაგრამ ვერ მალავ თვალებს, თვალებს სიმართლის მაცნეს,
მათ შენი ნატვრა მითხრეს და სურვილები მამცნეს:
"მინდა კვლავ ჟინით გკოცნო და ავხორცობით დავთვრე,
მსურს კალთას გეჯდე ლაღად და არასოდეს ჩავქრე."
მეც ეგ ზმანება მტანჯავს, მსურს უჩინარი გავხდე,
შემოგეპარო სახლში და შენს სურვილად ავხდე.
საკინძე ნაზად შეგხსნა, კვნესა აღმოგხდეს ვნების,
გვივლიდეს ჟრუანტელი, გავხდეთ ბოსფორი ზღვების.
ეს სიზმარია მხოლოდ, ოცნებებია უფრთო,
რადგან შენ ვეღარ სძლიე, რადგან შიში გაქვს უღვთო,
ნუღარ კი ისჯი შენს თავს, მიუშვი ლტოლვა ნებას,
ერთხელ გაბედე უკვე და შეიგრძენი გზნება,
ისევ მოფრინდი ჩემთან, შევცუროთ შუა ზღვაში,
რაში გადარდებს ჩემო, როგორ სჩანს ხალხის თვალში,
მათ რა იციან ცეცხლი, მათ რა იციან ცეკვა,
რომელიც გვქონდა ჩვენ და რომელიც ირგვლივ გვეკრა.
აი, მოხვედი მაინც და გადმოლახე ზღურბლი,
მაგრამ კვლავ შიშით კრთი და შეჭმუხნული გაქვს შუბლი,
ჩურჩულებ შენთვის უბრად: "ეს ცოდვააო დიდი!"
გაუბედავად მეკვრი, მე კი გამშვიდებ რიდით:
"ნუ გეშინია სულო, ვინ გითხრა შენ ეს ბოდვა?
გჯერა შენ, ის რომ ღმერთი, სიყვარულს ჩათვლის ცოდვად?"
დანი ადამელია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი