ბრაზით მახრჩობს
ბრაზით მახრჩობს წვიმის წვეთი ვერაგი, გზას მიიკვლევს მკერდის ღარზე ლაღად, მოგეტმასნა ტანზე სველი პერანგი, და ქცეულხარ ვნების მთუთქავ ლავად. ვეჭვიანობ შეურაცხად ქარზე, რომ შლეგურად გიფრიალებს კაბას, უნებართვოდ გკოცნის მუხლის თავზე, თვითონ ჩადგა, მე კი ასე მძაბავს. შურით ვუმზერ ჩამოვარდნილ ფოთოლს, კისერზე რომ გეკვრება და გკოცნის, ვეღარ ვხედავ მე ამ ტანჯვის ბოლოს, კოშმარები ჯოჯოხეთში მტყორცნის. მუშტს ვუღერებ გამოჭყეტილ მზის სხივს, თავხედურად მოცეკვავეს ტუჩზე, ვერ გახდები, ვერა მუზა შენ სხვის, დაგიჩოქოს თუნდაც ლოცვით მუხლზე. რადგან შენ ხარ ალისფერი ცეცხლი, მიკარებას ვინ გაბედავს დაწვავ, მხოლოდ შენ გაქვს სული ფერი ვერცხლის, ზღვის შვილი ხარ, ტალღებს მწყობრად დაძრავ. ოკეანეს ცეცხლად მოედები და იქნები სტიქიების შერწყმა, შექმნილია შენზე ლეგენდები, ვერ შეგბედა ღიმილიც კი ბევრმა. მთვარე გიკრავს თავს რიდით და ხარობს, თან მოგყვება უკან, როგორც ჩრდილი, თეძოების ირმის რხევით ჩქარობ, ვენერა ხარ მარმარილოთ ქმნილი. ყურში ჩუმად გიჩურჩულებს სიო: „ყოველღამე შენის ვნებით ვთვრები,“ სიოც ძალგიძს მონად, რომ აქციო, შენ კი მხოლოდ იღიმი და კრთები. დანი ადამელია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი