სინანულის სიმღერა
ჩამოვიდა ზეცა წვიმად, ქარი ძრწის და ჰკივის ზარად, ნათელი დღე იქცა ბინდად, ელვა იგდებს ხეებს მასხრად, შემოიჭრა, როგორც ზღვაში, მოგონება ჩემში ბნელი, მისი თმები ცურავს ქარში, ოჰ, ეს კადრი, ჩემი მკვლელი. ელოდება გოგო კოცნას, ელოდება იგი სიტყვას, სიყვარულის მზისფერ ლოცვას, მისთვის დღეს, რომ უნდა ითქვას. მაგრამ შიშმა მზაკვარმა და უღვთომ გაჰკრა ჩემს ბედს კბილი, დამეკარგა სიტყვის მადა, ერთი ბგერაც ვერ ვთქვი ტკბილი. ვროშე, რაღაც აბდაუბდა და მის თვალში წყენა გაკრთა, მთვარე გვერდზე გადაბრუნდა, ის კი უცებ, სადღაც გაქრა. მას მერე კი ბევრმა წყალმა უღიმღამოდ ჩაიარა, ბევრიც გაყვა წყაროს გაღმა, გულმა ვეღარ გაიხარა. მიმავალი ერთხელ მარტოდ, დავინახე ქუჩის თავში, როგორც ლეკვი თავის პატრონს, დავედევნე ამდენ ხალხში. მხარზე ხელი დავაბნიე, მოტრიალდა ტანჯვა წლების და თვალებში შევამჩნიე ტალღა იმედგაცრუების. „რა გნებავთო?“ არღვევს დუმილს, გაოცებას ებრძვის, მალავს, ეს ხმა უკლავს ჩემს სულს წყურვილს, აკვედუკი ვით ძველ ქალაქს. მოვიკრიბე სითამამე, ამდენი წლის გლოვის შემდეგ, და ვუთხარი ვით ვეწამე, არც ვფიქრობდი ამის შედეგს. პასუხმა კი დამცა ლამის: „ეს სიტყვები ღალატია“, თქვა და მივხვდი, რომ იმ ღამის, ლაჩრობა არ მაპატია. ვინც კითხულობს ახლა ამ ლექსს და ვისასაც ჩუმად უყვარს, არ გადადოს და თუნდ დღესვე, ეს მას მორცხვად, ყურში უთხრას! დანი ადამელია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი