სხვა მუსიკა
ჩემი კედლის იქეთ მხარეს უკრავს წყნარი მუსიკა, ბოლო ნოტზე ოვაციებს გამოხატავს პუბლიკა, კარგად მახსოვს მელოდია ბევრჯერ მონასმენი მაქვს, მეორდება, არ გწყინდება საოცარი სენი აქვს. მთვარის შუქი არ მაძინებს იჭვრიტება ოთახში, ელფი, ჯუჯაც სხედან რაფას სტუმრები მყავს ოჯახში, ეს ჰანგები ვარსკვლავებსაც ძილის ნებას არ რთავენ მონატრებას, სევდას, ნატვრას აკორდებში ართავენ. კვლავ ჩამესმის ეს მუსიკა, თუმცა უკვე ხანში ვარ, ელფს და ჯუჯას ახლაც ვხედავ, ალბათ აღარც გავზრდილვარ. ამდენი წყლის ჩავლის მერეც ისევ ისე ძგერს გული, ჩემი ძველი მეგობარი, ჩემი დავიწყებული. კაცი იყო? იქნებ ქალი, პოეტი თუ მეძავი? ახლა სად და როგორ არის, ცოცხალია ნეტავი? ყოველ ღამით სავსე მთვარეს იქნებ რა დარდს უმხელდა, ბავშვობაში კედლის იქეთ მუსიკას ვინც უსმენდა. დანი ადამელია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი