არ შეგეშინდეს, პაწია გულო!


ქარიც იქნება დაანგრევს ტოტებს,
ცეკვისთვის გაშლილ მკლავებსაც მოგტეხს,
წვიმაც იქნება, გარეცხავს ფიქრებს.
ფიქრებისაგან დაღლილხარ იქნებ?

მზეს  თუ ვერ ანთებ, ათას ფერებად,
თვალებად, თმებად, სატრფოს ხელებად,
ფხიზლობ, სიზმარი ვერ გეფერება,
გაფრთხობს  უფსკრულის შავი მთქნარება.

იცოდე, ასე შეშინებულმაც,
გამოფიტულმა, სენით სნებულმა,
შენთვის ვიმღერებ ქვემეხ სიმღერებს,
პეპლებს დავგეშავ ფერად ფერებად.

არ შეგეშინდეს, პაწია გულო!
ჩემი ზღაპრები შენი სახლია,
ცხოვრებამ ყოფა რომც გაართულოს,
გრგვინვით გეძახოს - " შენზე ახია",.

არ შეგეშინდეს, გულო პაწია,
გავაქროთ შენი გაწამაწია,
ქვევიდან ზეცით ვაწვიმოთ წვიმა,
დაუძლეველმა მამამ და შვილმა.

მერე ფიქრების ნაკადულები
 რომ დაიწყებენ
ანკარა ჩუხჩუხს,
ცაზე დავხატოთ ღრუბლის გულები,
ბედნიერების ვუსმინოთ ჩურჩულს.

შენთვის იქნება წკრიალა დილა,
მსუბუქი ღამის ადგილ მონაცვლე,
მზის ყვავილებიც შენთვის ყოფილა,
სამყაროც ათას ფერად მოქარწყლე .

ჩემი ზღაპრები შენი ძალაა,
ძილის აუა დაგიცავს მუდამ,
სიხარულს, ღიმილს სხვა გზა არააქვთ,
მათ შენ უყვარხარ და შენთან უნდათ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი