ლურჯად მოელვარე სიმწვანე.


სინათლის სხივების ისრები მოფრინავს ,
უნდათ  დამანახონ რამდენი ვიწვალე.
ყვითელი სიცხეა, ნიავი მომინდა.
ლურჯად მოელვარე, კაშკაშა  სიმწვანე.

კაცებში ქალები ამბებად ხატია,
მანქანის ფერებად, კაბებად, ბეჭდებად,
ქალები დაკეტილ კარებშიც გადიან.
რაზეც ფსონი დადე, ვერასდროს ვერ ჯდება.

ატომის ბირთვებში ცქმუტავს ენერგია,
კოსმოსის წერტილი, მეგა - გალაქტიკა,
პლიუსი, მინუსი ერთმანეთს ებრძვიან,
სურვილი ისვენებს როცა ,,აღარ მინდა".

ბარტყები ფრენისთვის გასწირა ბუნებამ.,
საქარე მინები გვიცავს ქარიშხილსგან,
მთაზე მაღალი ხარ ცა გეხახუნება,
ელვამ რუხი  სარკე ლურჯად გაგიხლიჩა.

ფერებს და სურნელებს მუხტი დაეცალათ,
სიტყვები ბგერებად  ანძებთან გარბიან,
ღამეს მზე, მთვარეში უნდა გაეცვალა.
ცაზე დაბოგინობს ვარსკვლავთა არმია.

პეპლების ცხოვრება დამღლელი მეჩვენა,
თევზების უდარდელ ლივლივში გავცვალე,
სიცოცხლეს სიკვდილი ვერ გადაეჩვევა,
დროში ხეტიალი დაგღლის, გაგაწვალებს.

პატარა თესლისგან გოგრები იზრდება,
დედები ბიჭუნებს კითხვას ასწავლიან,
ტუჩებზე გეტყობა  ის გრძნობა, ის ვნება .
ჩვენი ისტორია ტყუილ მართალია ...

კაშკაშა სილურჯე მწვანეს მოუხდება,
სასმელი გააღებს დაკეტილ კარებებს,
ხასხასა ფერები მზისაგან ხუნდება...
ზაფხული იღლება და მზეს თავს ანებებს.

დახატე გრძნობები, სანამ ხელები გაქვს!
იმღერე ლექსები ,
ყელის ჩახლეჩვამდე..
არასდროს დაეშვა ფეხის ცერებიდან!
იცეკვე, ირბინე, რომ არ დაბეჩავდე!

იცოდე ერთხელაც კაშკაშს გამორთავენ!
ცისფერი გაქრება, ჩაქრება სიმწვანე,
გაცვდება ლილვები რაც ჩვენ გვამოძრავებს.
დარჩება კითხვებად ...  რისთვისაც ვიწვალეთ....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი