ეძღვნება დინჯი - არჩილ ბუბუტეიშვილის ხსოვნას


სადღაც შევხვდებით და ვიკამათებთ,
სადღაც მოგიტან სულ სხვა რამეებს,
რაც აქ დაგვაკლდა იქ დავამატებთ,
მხიარულ დღეებს და მთვრალ ღამეებს.
სადღაც დამაბამ შუქნიშნის ბოძზე,
სადღაც ზღვის პირას შევხედავთ ქალებს,
სადღაც იქნები კვლავ ჩემი მოძმე,
დღეს თუ ვეღარ ხარ - იქნები ხვალე.
 გაგებუტები კიდევ როდესღაც ,
და სასაცილო წერილებს მოგწერ ,
უბრალოდ ჩემზე ადრე მოგეზღა,
შენი აქ ყოფნის დამტოვე მოწმედ..
ახლა ვკითხულობ წუთების წიგნებს,
ჩვენი დღეების, ძმობის ტომეულს,
რაც არ მესმოდა, ვხვდები და   ვიგებ,
თან მეცინება მე ბრაზ მორეულს.
დრო მოვა, ჩემი შუქიც ჩაქრება,
 მაგ ტრამვაიში  მეც ამოვხტები,
გაკვირვებული გკითხავ რა ხდეება?
შენც შემომიბღვერ - "ნუთუ ვერ ხვდები?"
მანამდე, ბევრად იქეცი უფრო,
ვიდრე იყავი ერთი ძმაკაცი,
შენი ხმით ახლა ფიქრი საუბრობს,
მიდი მოყევი! გისმენ, დაგაცდი.
მერე წამიყვან იქ, კაშკაშაში,
მიწიერ ამბებს მომაყოლინებ,
თუ ზევითა ხარ, ფრთებსაც კი გავშლით,
თუ გვაპატიებს ღმერთი ოინებს.
მანამდე ფილმებს ვუყურებ შენზე,
ჩემი ფიქრების კინო თეატრში,
ვუყურებ იმდენს, რამდენსაც შევძლებ,
დასაწვავ ფირებს, ოხერ ტიალში.
მერე ღრუბლების სანაპიროზე,
ლუდის ბოთლებსაც ავაწკრიალებთ,
ვინც მოგვინატრებს, მათზე ვილოცებთ,
დედა მიწა კი კვლავ იტრიალებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი