სხვა გმირებს სტკივათ თავისი წიგნი....
მე თუ ვიქნები ფიქრებზე ძველი, გაქცეულ გონსაც თუ დავეწევი, თუ მექნა გული გამოსაცვლელი, დღეს აფრენილი, ხვალ დავეცემი. თმაც გამეზრდება, წამებთან ერთად, შარვალს შევიცვლი, ფეხსაცმელს გავცვეთ, მივალ ძმაკაცთან, ექიმთან, ღმერთთან, ლამაზ სხეულებს ვეტყვი, რომ დავწვეთ. ლოგინში, ჩემთან, არყის სუნი დგას, „ჯეკ დენიელსიც“ სახლშია – მათრობს, თითქოს მომბეზრდა, „თითქმის სულ მინდა“ ჩემო წარსულო პულტით, რომ გმართო. გადაგახვიო, შეგცვალო, ჩაგრთო, ამოგჭრა დანით დაჭრილი ღამე, დავგლიჯო შენი ეკრანი ფართო, ვიპოვნო კადრი, როცა შემჭამე. წარსულში დაღრღნილ ფირებს ვამოწმებ, ლენტების ხვია – ჩემი ნერვია, ხელებს დავამტვრევ ფირის გამომცვლელს, შუბლზე ძარღვიც კი გადამსერვია. სინდისის ძარღვში არ არის სისხლი, იქ მხოლოდ შური დედდება ბოღმად, ეს სუსპენზია მეც გადავისხი, ცეცხლში გადავწვი მორალიც, დოგმაც. წარსულის წიგნმა ჩათრევა იცის, უკან ეხვევა რაც ფირზე მოჩანს, ბრალს როცა გდებენ პასუხობ – ვიცი, გუშინ ნავალი ხვალის გზას მოგჭამს. წარსულის ფილმის ყველა სერია თითო ლოდია გმირის სათრევი, ამ წიგნში თუკი რამე წერია, სარჩევში ეძებ ღამე ნათევი. ეძებ, რომ იმ ხალხს გადააბრალო, სხვა პერსონაჟებს - უარყოფითებს, მათავარი გმირი შენ ხარ საბრალოვ! შენ ეცოდები შენს თავსვე – მკითხველს. ნუ ეძებ ბოროტს მაგ სხვა გმირებში შენში იკითხე შეცდომა შიგნით! წარსულის მუშტი გხვდება კბილებში სხვა გმირებს სტკივათ თავისი წიგნი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი