მე მიყვარს წვიმა, სველი ისრები....


მე მიყვარს წვიმა, სველი ისრები.
ფიქრი, რომ ცვივა
აზრის ნისლებში.
მცხელა, ხან მცივა.
მცვლი და ვიცვლები.
მე მიყვარს წვიმა
ზეცის წერილი.
 მისი წკაპუნი, მორზეს ანბანი.
და ნიაღვრებად გადასერილი.
ფერადი მიწის მწვანე 
საბანი.
ქარებიც მიყვარს სუნთქვის შემკვრელი.
მათ ჩვენთან  მოაქვთ სხვების ამბები.
იქნებ თქვენ შეძლოთ, მე ვერ შევძელი.
დახეთქოთ, დაფშვნათ სევდის დამბები!
ჰეი ქარებო, ფრთებო იმედის!
სურვილის ქარბუქს გაჰყევით მარდად!
მიდით იქ სადაც მე ვერ მივედი!
იქ სადაც მწამდა, სადაც მიყვარდა.
 ლურჯო  ყინულო,
შებოჭე სიცხე!
გაყინე ვნების ზვირთი ტალღები!
რაც ცეცხლით მორჩა, ყინვით დაიწყე,
შენ ხარ სამყარო  სანამ გალღვები.
მზეო აფეთქდი ემოციებად!
სხივებით ხატე გრილი ჩრდილები!
თბილად მაკოცე, თუ მეციება.
მარტო შენ გხედავ, გემორჩილები!
მიწავ, მიყვარხარ ჩემო ლოგინო!
ლოგინო, სადაც ცრემლით ვირწევი.
თუ შენს ზევით ვარ, ურცხვად ვბოგინობ.
შენს ქვევით კიდევ მიწად ვიქცევი
წვიმის ისრები ყინულის ტბებად
აგროვებს სევდას.
ხედავ? ვიცვლები ქარის ფრთებს ვხედავ.
მზის სხივებს ვხედავ.
ხედავ? ვიღვიძებ - სიყვარულს ვბედავ....
მოდი, მაკოცე! მე უკვე გხედავ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი