რა უნდათ ამ ღმერთებს?!


ჩამირთეთ მუსიკა, რითმებით გამართეთ!
სასმელი, ფხვნილები, ბრჭყვიალა ბურთები
დამარტყით დენები! ჩამაქრეთ, ამანთეთ!
აჩქარდით, აფეთქდით, ხომ ხედავთ ვხურდები!

ქალების სიშიშვლე ცოდვებში ჩაწერეთ,
ლოცვებით გამოვა კაცების სიმთვრალე,
რითმი შეანელეთ, წამებში გაწელეთ,
ყინული ეკვრება უგრძნობ და ცივ თვალებს.

სუყველა ნარკოტიკს მივიღებ -  ხარბი ვარ,
გადავალ გონების მეორე მხარეზე,
ღმერთებთან, ღრუბლებში ტიტველი დავრბივარ,
მსუბუქი ჩიტებზე, ძლიერი ხარებზე.

რა უნდათ ამ ღმერთებს? რატომ გვაწვალებენ?
ვერ ვიგებთ მათ ნათქვამ ვერც ერთ დავალებას,
რა უნდათ? შეგვეშვან ,გვაცალონ ხვალამდე,
მათ ერთი იციან -  ჩვენზე დაბრალება 

ღმერთებო გაერთეთ, დაწერეთ მცნებები,
დღეს რასაც შევცოდავთ, ხვალ მოვინანიებთ ,
ტაბუთი დაგმანეთ კაცთა ოცნებები,
ლოცვებსაც ვბურდღუნებთ, ვბორგავ მეტანიებს.

ჩამძირეთ ბგერების მხურვალე ტალღებში,
ქრისტესთან, ბუდასთან უნდა ვიბანავო,
მე უნდა ვიცეკვო ღმერთების სახლებში,
არ მინდა მოძღვარი, არ მინდა მამაო.

ფერადი ქიმია ფეთქდება თვალებში,
დუნდება სხეული ფარფატებს,ნანაობს,
წმინდანებს ვუყურებ ძვირფას მეტალებში,
ერთმანეთს ჰკითხავენ, „ღმერთთან ვინ ბანაობს?“

დისკოს განათება, რეივის დარტყმები,
ტექნიკურ მუსიკას უკრავენ ღმერთები,
ნერვული სისტემის კარების გამღებით,
ქიმიის ფორმულებს ვყლაპავ და ვერ ვძღები.

გული გაჩერდება, ცოტაც და გავქრები,
ბოლომდე დავტოვებ ძვლებიან სარკოფაგს,
ნოლზე დაეცემა წნევები, შაქრები,
და სულის მუხტი ღმერთებთან ამომაქვს.

პირსახოცს მივაწვდი ბუდას და იესოს,
ღიმილით მეტყვიან „არაგვაქვს  ტანები  “,
დიდება, სირცხვილი ერთმანეთს მიეწყო,
სულ ჩამოვირეცხე ხორცი სატანების.

აფეთქდა ფერადი მუხტები ხმაურით,
სხეული წავიდა, დავრჩი ენერგია,
აღარ ვარ ადამი, არ ვარ აქაური,
სიმღერად ვიქეცი, ლექსად, ელეგიად.

რა გინდათ ღმერთებო? ჩვენით რათ ერთობით?
მოწყენა ცოდინა ზეციურ ცხოვრებას,
ქიმია გვაერთებს ამბივალენტობით,
ფიქრებს და სურვილებს ფერებით რომ ღებავს.

კაშკაშა შუქები აანთეს კლუბებში,
დიჯეიმ მოიხსნა ყურიდან მუსიკა,
დამთავრდა ღმერთებთან ნაპოვნი ნუგეში,
უნდა გამოვიდე fathers house- იდან.

ჩაირთო სხეული, სისხლიც ტკბილი გახდა,
პომპები აწვდიან ვენებში ნაკადებს,
სად გაქრა ის ღმერთი წეღან მე რომ მახლდა?
ხომ არ გავაბრაზე? ცუდი რამ ვაკადრე.

გამკრთალდა ფერები, დაწყნარდა გონება.,
დალაგდა აზრები,  გონიც ნატიფია,
ჩემი ოცნებები კვლავ იქცნენ მონებად,
ნირვანა მეგონა - ეს მხოლოდ თრიფია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი