ქერა მინდორში


მზესთან თამაშით დაღლილ სხეულებს,
ჩქარი სუნთქვებით ასვენებს თივა.
ნოტიო კოცნით გადახვეულებს.
ასეთ სიცხეშიც ვნებისგან სცივათ.

მუხების ფოთლებს უსხლტება სხივი,
მზის სხივი ქარვის მინდორში გარბის,
მდინარე ხიდ ქვეშ წივის და კივის
შორს მოჩანს მთების შეკრული წარბი.

თივის ზვინების უძრავი ჯარი
დარაჯობს ქერა მინდვრების ფრონტებს.
შავი ღრუბლები ცად ჩამომჯდარი,
ჭექა ქუხილად უნდა დაგორდეს 

სიცხე სიცივით აკანკალდება,
ხმელი ბალახი ჩაიკრავს წვეთებს,
ცაც დაიჩოქებს ნისლის კალთებად,
გადმოეღვრებათ  ცის დოქებს - ქედებს.

მორცხვი სიჩუმით გარინდულ ზვინებს.
მოალერსეთა უყვართ ყურება ,
მზე ლურჯ ღამეში  გამოიძინებს,
მთვარემ დაიწყო გამოცურება.

ვერცხლის ფერს ისვრის ღამის მნათობი,
ქერა მინდვრებიც გაჭაღარავდნენ,
დრო დადგა ჩუმი ღამის გართობის,
ფიქრებთან ომით უნდა დაკავდე,

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი