მე სამყარო ვარ
მე მოვკვდები აქ, მაგრამ ვიცოცხლებ ყველგან, დავტოვებ გზებს და გავხდები სივრცე, მომბაძავს ყველა, ვინც ვერ მცნობს, ვერ მგავს, რაც მე არ მქონდა, საჩუქრად მივცემ. ჩემი სიტყვები შეიძენს სხეულს, გაჩნდება ხეზე ცბიერი ვაშლი, დაბეჭდავს ღრუბლებს ქარით დახეულს, აქამდე ნათქვამ სიბრძნეებს წაშლის. მამები შვილებს ეტყვიან იგავს, იმას რასაც მე ვბოდავდი მთვრალი, გძულდეთ სულ ყველა, ისინი ვინც მგავს, რადგან ვერ ფრინავს, რადგან აქვს ძვალი. წვერებს უშვებენ, მღერიან ჰიმნებს, ჩემი ტკივილი ჰქონიათ შვება, ზოგი ჩემს გამო, წამებას ივნებს, მე შემომწირავს რასაც კი შვრება, ტრფიალს ადარენ ჩემს სიყვარულებს, ჩემი არ ესმის სიტყვა არც ერთი, ერთმანეთს უკლავს ცრუ რწმენით გულებს, მე სამყარო ვარ და არა ღმერთი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი