თინიბექაი


მზე ამოიწვერ,ამოდის,სხივებს ფენს არემარესა,
გუდანისწალის დუდუნი,ნეტა რას მაასწავებსა?
შავ კლდე დაფარეს ნისლებმა,ხევებს ჩამოწვა ჯანღია,
წყევლამ ამტვრია ჯარეგა, საფლავს წამოდგა ლანდია.

მამკვდარა თინიბექაი,ყვირის ვიღაცა ბალღია,
ორ ხელით სახეს იხოკავს,გულს უკლავს მასზე დარდია.
მტერი მაადგა ხევსურეთს,ჩამოანგრიეს ქავია,
ამბის გამგონე კაცებმა, ტანზე შაიბეს ხმალია.

თინიბექ პირველ წასულა, საომრად როგორც ფარია,
ბევრიც მოუკლავს ურჯულო,ჰფარავს გუდანის ჯვარია
შავის კლდეების ნაშობი,გაზრდილი ლეგა მგლისია,
უნდა გმირულად იბრძოლოს,როგორც ვაჟკაცის წესია,

მარტოკა ისე იბრძოდა როგორც კლდის ვეფხვი ცხარია,
შუბლს უგრულებდა ცივ-ცივი,მონაბერ ხევის ქარია,
ოფლი უმშვენდა სახესა,ვით მწვანე ბალახს ცვარია,
ოქროს პირიან ფრანგული,შუბზედა დეკის ტარია.

ურჯულოთ პირველს რაზმები გაჟუჟა ვითამც ცხვარია.
დაფრენდა კლდიდან კლდეზედა ვით ვაცი,ჯიხვი,ჩქარია,
მტერს ისე ებრძვის ვაჟკაცი,როგორც შეჰფერის გვარია,
მაგრამ მტერია ათასი,ის იბრძვის ერთიცალია.

თინიბექს მკერდზედ ატყვია,მტრისა შურდულის კვალია,
მაგრამ გული აქვს ისეთი, ვით უტეხელი რვალია,
თუმცა მრავალსა ჭრილობას ვერ უძლებს მზისა დარია,
ლაშარსა შესთხოვს შენდობას,ვით უპატრონო მკვდარია.

რა იცის იმის საშველად მოდის ხევსურთა ჯარია,
თუმცა რაღადროს ბედკრულსა,გულს უდევს ორთავ მკლავია,
ელანდებ ლამაზ ნაწნავით,სანატრელ თუშის ქალია,
მტერმა გაწირა თინიბექ,მარტო მებრძოლი ზვავია.

მოკლულს უსერეს სხეული,ვით მიწა ნაღარალია,
ჭრილობას გამოესახა ზედა იახსრის ჯვარია,
თინიბექს ტირის მოხუცი,წითელი, ნიშა ხარია,
ამბის გამგონე ჭიუხებს თვალთ მოსდით ცრემლი ცხარია.

ვაჟკაცი მოკლა მტრის ხელმა,მაგრამ ვერ ტეხეს კარია,
თინიბექაიმ სამშობლოს გადაუხადა ვალია,
ხევსურთა ჯარსა ტირილით,მიჰყავთ თავის მკვარია,
დედასა უნდა მიჰგვარონ,ოი რა რიგად მწარია.

მაგის სიკვდილის გამგონემ ქალმა მაიკლმა თავია,
თინიბექასის სატრფომა სხვას ვის ვუბანდო ჯღანია?
ვისა ვუზიდო კოკითა ნაჟურის ცივი წყალია?
ვისა მივუწვე გვერძედა,ვის დავუძახო ქმარია?

ვისა ვუჩუნო ვაჟები,ვისი ვამრავლო გვარია,?
სატრფო მოკლული დიაცი,აბა რიღაის ქალია?
მეც მაგასთანა მოვკვდები,ეგ არის ჩემი ვალია,
თინიბექასის სწორფერი ქვეყანად სხვა ვინ არია?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი