ვაჟა ფშაველას


მე მორცხვად მოგესალმები,
ფშაველო ჩარგლის მთისაო,
ჩვენო მამავ და მშობელო,
მეხოტბევ სალის კლდისაო.
შენ გააცოცხლე მთის პირზე,
პატარა ქუჩი მთისაო,
შენ აატირე შვლის ნუკრი,
დედით ობლობა სჭირსაო.
შენ შაჰქმენ ქეთელაური,
სიმბოლო ვაჟკაცისაო,
შენ დაადევნე სხვის ქმარსა,
ცხარ ცრემლი სხვის ცოლისაო,
ნათლად გვიხატე უგუნურთ,
დაძმობილება მტრისაო.
ბახტრიონს ზარი შენ რეკე,
გვასწავლე ლესვა ხმლისაო,
შენ შთააგონე მინდიას,
დანდობა მწვანის ტყისაო.
მაგრამ ვინ ნახა ანდერძი,
შენგან ნაწერი ხელითა,
დედის გულ-მკერდზე არ დაგფლეს,
მიტომ მოწყენით მღერიხარ.
-მშვიდობით ჩემო სახლ-კარო,
გულში ამშლელო დარდისა,
მშვიდობით ფშავის მთიანო,
ცავ მოწმენდილო მზიანო,
მშვიდობით მთების კალთებო,
დედის მკერდივით რძიანო,
მინდვრად გაშლილნო ყვავილნო,
არწივნო ფშავის მთისაო,
მშვიდობით,ჩემო შვლის ნუკრო,
უღრან ტყის შვილო იაო,
შენთან მოვდივარ ჯოყოლავ,
წინ სხვები მომიძღვიანო.
მშვიდობით ფეხით ნათელო,
მწვანე ბალახო ცვრიანო,
ჩემო სახატე მინდვრებო,
კალმახნო ჭრელკოპლიანო,
ირმებო ქორბუდიანნო...
მგლების ბილიკებს ძუნძულით,
ძაღლები მიჰყვებიანო.
ცად აზიდულო მწვერვალო,
ჭაღარა შეგპარვიაო,
შენის კალთებზე ჯიხვები,
წყვილ-წყვილად გადადიანო.
მშვიდობით წუთისოფელო,
კარგისა არაგცხიანო,
მე მხოლოდ იმაზე ვდარდობ,
შვილებს რა მოელიანო.
ვაჟავ,ფშავლების არწივო,
მგოსანო ბუნებისაო,
ნუ მიწყენ,სიტყვა ვერ გკადრე,
საფერი შენი ზნისაო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი