თელავს
თოვს! და ჩვენს ქალაქს ეს სითეთრე თავზე დაჰყურებს, თოვს! და ეს თოვა მე წუხანდელ სიზმარში ვნახე, თოვს! თეთრმა დაფარა გიგოს გორა სისხლით ნაჟღენთი, თოვს! და ეს თოვა წააგავს სიზმარს,სანუკვარს და თან სამწუხაროს. თოვს! და სითეთრიდან გადმომდგარა მეფე ერეკლე, და გადაჰყურებს,გადაპენტილს,თეთრად შემოსილს, სისხლდანთხეულს და მივიწყებულს როგორც წინაპარს, როგორც წინაპარს ომში წასულს არ დაბრუნებულს. თოვს! პატარა კახი ისევ იქ დგას,ისევ იმ ალაგს, ჯაჭვის პერანგი შემოეხა და თოვლი უქსოვს, და თოვლი უქსოვს მარადისობის სამოსელს თეთრად. თოვს! თეთრმა დაფარა თელავი და სისხლი მიშრება, და ამ სითეთრემ მომიტანოს იქნება შვება, რა ენამა თქვას, ან რა ხელმა,ან ვის გადმოსცეს ძველი ქალაქის ციხეების ქება-დიდება. თოვს! და გეგონება წარსული ტირის, და წარსულიდან ისმის ქალის მწარე გოდება, თოვს! და ეს სითეთრე რაღაცას ნიშნავს, რაღაც იდუმალს,მიუწვდომელს მაგრამ სასურველს, წარსულის ლანდი ახლა უკვე თოვლმა დაბარა, შენი სახელი ოქროს ძაფი ამოქარგე დაღლილ სხეულზე, ჭრილობებს სისხლი ზედ შეახმეს ცივმა ფიფქებმა, მაგრამ შენს წარსულს ვერ ვივიწყებ,ან ვინ გაბედავს, ტაძრის ზარები განუწყვეტლივ რეკენ,თითქოს თოვს, და თელავი თეთრმა ფიქრმა ისევ დაფარა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი