სანაი_თარგმანი სპარსულიდან
ჩემო მეფეო, ვამბობ შენს არსზე, შენა ხარ წმინდა, შენა ხარ ღმერთი, მე არ გავივლი არცერთ სხვა გზაზე, გარდა იმ გზისა, შენ რომ გაქვს ერთი. მუდამ მიგულე შენს წმინდა კარზე, წყალობა მომეც ჩემს ცოდვილ თავზე, მუდამ ვინატრებ შენს ერთობაზე, რადგან შენა ხარ ნამდვილად ერთი. არც მეწყვილე გყავს და არც ხარ წყვილი, არც შიმშილი გაქვს და არც გაქვს ძილი, შენა ხარ ერთი, შენ არ ხარ ქვრივი: შენ ხომ თვითონ ხარ სრული და ერთი. შენ არ გჭირდება შთამომავლობა, შენ არ გჭირდება შვილი არცერთი, შენ ხარ არსობის სამეფოს მეფე, მოკვდავ მეფეთა მეფე და ღმერთი. შენა ხარ ბრძენი, შენა ხარ დიდი, შენ გულუხვი ხარ, ხარ თანამგრძნობი, ცხადია, შენ ხარ სრულყოფილება, ჩვენთვის საქებრად ხარ ერთადერთი. შენ ხომ შრომის და ტანჯვის მიღმა ხარ, შენ არ გტკივა და არ წუხხარ ღელვით, შენ არ გაღელვებს შფოთვა, იმედი, შენ არ გაღელვებს მათგან არცერთი. შენ ხარ განცხრომის და ძილის მიღმა, მიღმა ჯგუფების და შედარების, შენ ხარ ფორმისა და ფერის მიღმა - ეს ყველა არის შენთვის სულერთი. ვერავინ გნახავს, ვერავინ აგღწერს, თვალით ვერ გხედავ, ვერც მე ვერ აგღწერ, ვერ შეგადარებს ვერვის ვერცერთი, რადგან შენა ხარ ყველას ნაერთი. შენ არსებობდი! ქმნილება რომ ჯერაც არ იყო, შენ იარსებებ! ქმნილება ხვალ სულაც რომ გაქრეს შენ არ ეძებ და არ მოძრაობ, რაც უნდა იყოს - არ მცირდები და არც მატულობ: ხარ მუდამ ერთი. შენ ხარ მძლეთამძლე, უდიდესი; ხარ თავად ცოდნა, შენ ხარ სინათლე, წინამძღოლი, შენ ხარ სიწმინდე, გამოსყიდვა ხარ ყველასათვის, ვისაც კი ოდნავ ჰყვარებიხარ და ეყვარები უფალი, ღმერთი. შენ ფლობ ყველაფერს, ცხადს და დაფარულს, ცოდნაც შენია, ყველა ხარვეზით, ზღვად გადააქცევ ყველა ნაკადულს, დიდის, პატარის შენა ხარ ღმერთი. “ერთადერთი ხარ! არაფერს ჰგავხარ, მარადიული! ყოვლის მშობელი”, “ვინ არის მეფე?”- შენ იცი რაც ხარ, თავად სვამ კითხვას შენ ერთადერთი. სანაის ტუჩი, მისი კბილები შენს ერთობაზე მუდამ იტყვიან, თუნდ ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვან, შენი სახელი მუდამ იციან.
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი