ვახტანგმა წყალი ისურვა | მუხრან მაჭავარიანი
მოგეხსენებათ, რა ძნელია პოემის წერა; არა ერთი და ორი გახდა ამ საქმის წერა. ეს, არცთუ ისე იოლი საქმე, - როგორ დავიწყო, სით მივუდგე, მირჩიეთ - რა ვქნა! დავიწყო ისე, როგორც სხვები იწყებენ ხოლმე, - რატომღაც გული არ მაძლევს ნებას. არადა, უშნოდ რომ მოვედვა ღობეს და ყორეს - ეს შეიძლება? - რა თქმა უნდა - არ შეიძლება! რაც არის - არის - გავარდეს ჯანი. თუ გინდა ლაფი დამასხან თავზე - ეს პოემა იწყება ასე: ვახტანგმა გადინადირა ქედი მაღალი - ტყიანი; ვერ მოჰკლა ფური, ვერც ხარი; - ვაზირნი რას იტყვიანო! ხელმოცარულმან მეფემან შორით შენიშნა ჭალა. ჩამოხტნენ. ბრძანა დაჯდომა. ცხენთ დაუყარეს ჩალა. აღმოხდა მწუხრის ვარსკვლავი - მკვდარი მზის მაჩანჩალა. ულაყთა - ლაგამწაყრილთა - შეახრამუნეს ჩალა. ვახტანგმა წყალი ისურვა, გაიქცნენ: - მოვიტანთო! ვაზირს ეწადა რამ ეთქვა - იჩქითად, სწორედ ამ დროს, მოიჭრა წყალზე წასული - გადასდიოდა ხვითქი. - რა დაგემართა, თქვი ჩქარა! თქვა: - მადროვეთო, ვიტყვი!... - ვითარცა მოგეხსენებათ, წარვედ მოტანად წყალისად; ვეძებე, მივდექ-მოვდექი, - წყარო ვერ ვპოვე ღარისა. შევხედე ღელე დიოდა, - თვალნი გამიხდნენ ფართონი. ვიფიქრე: - ღელეს წავიღებ, - რას მიმიხვდება პატრონი! გავბრიყვდი, ვიგულმავიწყე ყოვლისმხედველი უფალი. მყისვე ღრანტეში ჩავხოხდი - გავწირე კაბა-ჯუბანი. ღელეს მივადექ... და როცა ჩქერალს შევუდგი ტაგანი, - წყალი გაცხელდა, ადუღდა... შევკრთი, - დამეცა თავზარი. მუხლზე დავეცი - ავტირდი, ვახშირე პირჯვრის წერანი; არ შემეწია არც ღმერთი, არც მზე, არც წერამწერალი. დამსაჯეთ! ჩემზე ახია გზანი უღაღნი ჯანაბის. ახია ჩემზე გაშავდეს ჩემი სახლი და ჯალაბი. აბრძანდა მეფე. მუნთქვესვე ფეხზე წამოხტა ყველაყა; წყალი - ადუღდა რომელიც - უნდოდა ყველას ენახა. მოვიდნენ - შეცბნენ... მარტოდენ მეფე გალაღდა ნამეტურ; წყლის ღვთაებრივი ნიშატი - იგრძნო, შენიშნა რამეთუ. ხმას არ იღებდა ხელმწიფე. ვაზირთა შეჰქმნეს ყაყანი; ზოგმა ცას ეჭვით გახედა, ზოგმა გასინჯა ტაგანი... მეფემ აღიღო ბაგენი და შეწყდა მყის ლაპარაკი. წარმოსთქვა: - იყავნ ქალაქი! და... აღმოცენდა ქალაქი. *** სიტყვა მეფის საქმე შენი - შოშტა და შიოშ... - რაღა გვინდა აწი წყნეთში, ანდა მცხეთაშიო!.. მცხეთით, წყნეთით, თუხარისით; ჩორთით, ოთხით, თოხარიკით - უხალისოდ, თუ ხალისით მოაშურა ხალხმა თბილისს... ქვამ ქვა იგრძნო. ძელმა - ძელი. ჩაიყარა საძირკველი. დაიბადა თბილისელი. სტუმარს დახვდა მასპინძელი. და... მზე როდესაც მოადგა აღმოსავლეთით თბილისს, - მცხეთას დაეცა თბილისის ვეებერთელა ჩრდილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი