აფხაზეთი


------------------
მიწა მქონდა ფხვიერი და სამყოფი ყელამდის
მაგრამ ახლა იანკებს ისევ ფეხქვეშ ეგება,
ვკვდები,უკვდავთ მხარეში მოჰავკების ბელადი
ვგონებ ონტარიოზე ჩემი წილი მერგება.
არწივების მიდამოს ჩემი მშვილდით თარეში
დადევნება ირმების,დენთის დაცლა მომინდა,
მომენატრა გადასვლა ორინოკოს მხარეში
სისხლიანი სკალპები იროკეზთა ტომიდან.
მომენატრა ბავშოვბა,უამპუმის ქისები
საჯირითოდ მივყავდი მინდორ-ველში მამაჩემს,
მახსენდება დღეები და სიცოცხლით ვივსები
დღეებს როცა ველოდი გამწარებულ კამანჩებს.
გარდაცვლილთა სულებზე ლოცულობდა შამანი
მახსოვს ღამის წყვდიადში დალეწილი ტოტები,
რიტუალი საფლავთან,ასი ათასთაგანი
მოხატული საბრძოლოდ,კუს და გველის ტოტემი.
ვგავარ ბებერ ინდიელს და ჩიბუხით დრო გამყავს
თავს იყრიან კოცონთან შემზარავი წყლულები,
ვატყობ ისევ უსისხლოდ მიწა შეჭამს ტომაჰავკს
სანამ მათთან მიხმობენ წინაპართა სულები.
ჩვენი რეზერვაცია აღარ ძალუძთ იანკებს 
მოჩვენების ცეკვაში გავახურეთ სხეული,
სანამ ბოლო ინდიელს შუბლში ტყვია მიაგნებს
დაჩოქილი ვერ ნახავს ვეღარც ერთი წყეული.

დანიელ გერგედავა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი