სადღეგრძელო


სადღეგრძელო

დღეს დედოფალმა გაიარა ვარდის ფურცლებზე,
ვარდის ფურცლების თოვლი იყო, დილამდე   თოვდა,
ნუ ჩამოყარე ეგ ყურები, ჩემო ძმობილო,
გოგოს მამა ვარ, ჩემი შვილი მეც გამითხოვდა.

დღეს დედოფალმა გაიარა ვარდის ფურცლებზე,
საკურთხეველთან სანთლით ხელში ელოდა საქმრო
და წყვილებს შორის, როცა მართლა სიყვარულია,
ანთებულ კოცონს გიჟი წვიმა როგორ  ჩააქრობს.

დღევანდელი დღით დაიწერა ცხოვრების  წიგნი,
გაფრთხილებოდეთ ქორწინების წასაკითხ  ფურცლებს,
ეს სიყვარული გაგყვეთ ჰეი, ასი წლის მერეც,
ვიცი ოჯახი, წმინდა წიგნი მეც გადავფურცლე.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგამრავლოთ, ტკბილად შებერდით,
ვარდმა იხაროს რომ ვარდების ფურცლებით თოვდეს,
ბიჭმა შეირთოს ქალი ცოლად, გოგოს მამებო,
შეეგუეთ რომ თქვენი შვილი  უნდა გათხოვდეს.


დღეს ქორწილია, ქორწილია, სიყვარულის დღე,
როგორ ჩააქრობს გიჟი წვიმა ახლა ამ კოცონს,
,,მრავალჟამიერ,, ,,გაუმარჯოს,,ნეფემ- დედოფალს, 
რა დაშავდება, არაფერი,  დღეს რომ აკოცოს.

დღეს დედოფალმა გაიარა ვარდის ფურცლებზე,
თქვენი ცხოვრება სიყვარულით გასავლელია,
ჩვენ ვსვავთ ბოლომდე, ეს იქნება ქალი თუ კაცი,
ეს სადღეგრძელო დღეს ყველასი დასალევია.

დ ღ ე ს   დ ე დ ო ფ ა ლ მ ა   გ ა ი ა რ ა    ვა რ დ ი ს   ფ უ რ ც ლ ე ბ ზ ე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი