თუთა


თუთა

ო, როგორ მიყვარს შავი თუთით მოსვრილი პირი,
ჩემი კი  არა, შენი არა, აი იმისი,
ეს ყველაფერი  დაბრალდება შემდეგ შავ თუთას,
მიყვარს  ტუჩები მოთხუპნული, შენ და  ივნისი.

ო ,როგორ მიყვარს თუთის ხეს რომ მაღლა შესცქერი,
დაარხიოსო,ამოვარდიო , ამბობ ქარო,
ტუჩებს მოგისვრი შავი თუთით, ბაღის ბავშვივით,
მე ჩემი ხელით მოგიწყვიტავ იმ ხიდან ქალო.

ო ,როგორ მიყვარს თუთისფერი შენი ტუჩები,
თეთრით კი არა შავი თუთით  მოსვრილი  პირი,
ის  ლურჯი ზღვა ხარ, შენს ტალღებს რომ  გავეთამაშო,
იქნებ დამახრჩო მაგ ტალღებში  არ ჩანს ნაპირი.

სხვამ აგიტაცოს ,ფრთები უნდა ჰქონდეს არწივის,
მე ნახტომი მაქვს ჯიხვების და თეთრი ირმისი,
ო ,როგორ მიყვარს შავი თუთით მოსვრილი პირი,
ჩემი კი არა, შენი არა, აი იმისი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი