ნაცნობი აკორდები


ნაცნობი აკორდები

გადაათეთრებს თეთრად ზამთარი,
ნაშემოდგომარ ვენახებს, კორდებს,
გამითეთრდება თმები თოვლივით,
ვეღარ დავუკრავ ნაცნობ აკორდებს.

ვერ შემოვძახებ: ჰეი, ნიკალას,
ყარაჩოხელოს გოგო ლილიას.
სიკვდილის შემდეგ იმასღა ვფიქრობ:
რა ვუთხრა ვაჟას, შოთას, ილიას?!

გამოიშვერენ ხელს, ქილიკობენ,
თითქოს და სხვებზე მეტნი არიან.
რა ხალხი გვყვავდა, ღმერთმა აცხონოს,
დღეს ჩვენს გვერდით რომ აღარ არიან.

მამა აბრამის არც მე ვარ ბატკანი,
ცოდვიან გზაზე ბევრჯერ მივლია.
არაფერს გერჩი, ჩემი გიტარით,
მე შენს ქუჩაზეც ჩამომივლია.

ათი მცნებიდან, ერთი მცნებითაც,
მე ვერ ვიცხოვრე, როგორც წერია.
მოპარულ ხილზე, ბრმა სიყვარულზე —
ჰოი, ლექსიც რომ დამიწერია!

სიბერე მოდის სიბნელესავით
და ჩემს ოთახში უხმოდ ვბრუნდები.
გამახსენდება აზალგაზრდობა,
ჩემს ბავშვობაში მე დავბრუნდები.

გადაათეთრებს თეთრად ზამთარი,
ნაშემოდგომარ ვენახებს, კორდებს.
ვეღარ ავიღებ ხელში გიტარას,
ვეღარ დავუკრავ ნაცნობ აკორდებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი