0 5

მთის ქალო შენკენ მოვდივარ


მთის ქალო შენკენ მოვდივარ


შენკენ მიჭირავს თოლიო ,
როგორც წიწილზე ძერასა ,
მოგასმენინებ ქალაო ,
ამაღამ გულის ძგერასა .

ვერ შემაშინებს ეს თოვლი ,
ვერც აღმართული მთებიო ,
შენამდე მაინც მოვაღწევ ,
არ მაქვს არწივის ფრთებიო .

შენამდე მაინც მოვაღწევ ,
ვხედავ ჩამოწვა ზვავიო ,
არ მინდა გამცნოს მეცხვარემ ,
ამბავი შემზარავიო .

მთის ქალო შენკენ მოვდივარ ,
ნატარს დაფარავს თოვლიო ,
როგორც წიწილზე ძერასა ,
შენკენ მიჭირავს თოლიო .

ბარში ჩაგიყვან ქალაო ,
მაყრებით , დიმპიტაურით ,
თუ ცოლად  არ გამამყვები ,
დავთვრები ჟიპიტაურით .

დავრჩები ნაბდის ამარა ,
მთაში ყინვა და თოშია ,
შამჭამენ მგლების ხროვაი ,
მკვდარსაც ვერ მნახავ თოვლშია .
კომენტარები (0)