მინდა ვიყო პრეზიდენტი?!
ოთხი წლის ვიყავი, როცა ბაღში ჩვენი რაიონის ჟურნალისტები მოვიდნენ და ყველა ბავშვს სათითაოდ გვკითხეს, თუ რა გვინდოდა მომავალში,ვინ გვინდოდა ვყოფილიყავით.ზოგს ექიმობა უნდოდა,ზოგს მუსიკოსობა,ზოგს პოლიციელობა, მე კიდევ მინდოდა პრეზიდენტი ვყოფილიყავი. მინდოდა, რომ ხალხი ბედნიერი ყოფილიყო,მინდოდა ისეთი რაღაცები გამეკეთებინა, რითიც ხალხი გახარებული იქნებოდა და მათ მუდამ მოღიმარი სახეები ექნებოდათ. მაშინ არ ვიცოდი რა იყო ცხოვრება,არ ვიცოდი ის ასეთი რთული თუ იქნებოდა და სიკვდილზე ძნელი. ალბათ სიკვდილი იმიტომ არის სიცოცხლის ბოლო, რომ ეს ჩვენი საჩუქარია. დროთა განმავლობაში ნანატრი საჩუქარი,ჯილდო იმისთვის, რომ ამ ყველაფერს გავუძელით.არაფერს შეუძლია დაგარტყას იმ ძალით, როგორც ცხოვრებას. ადამიანებს სწორედ რომ ცხოვრება კლავს და ცხოვრება უღებს ბოლოს.ის გვისვამს პირველი აბზაციდანვე გათვალისწინებულ წერტილს, იქ, სადაც მას მიაჩნია მართებულად. ყველას გვეგონა როცა სკოლას დავამთავრებდით,მინისტრები,ექიმები და ადვოკატები გამოვიდოდით,შემდეგ ერთმანეთს მოვნახავდით და დავეხმარებოდით, გვერდში დავუდგებოდით და ერთად გავაგრძელებდით გზას...მაგრამ ეს უბრალო ილუზია იყო, რომელიც მანამდე გვეყო, სანამ არ მივხვდით რა იყო ცხოვრება,რა იყო ბედნიერება და წარმატება,რისი გაკეთება შეგვეძლო რეალურად და რამდენი ენერგია დაგვიტოვა ამ ცხოვრებამ. ახლა ვზივარ და ვფიქრობ, რა მინდა? აქამდე თავი ილუზიით მოვიტანე და როგორ განვაგრძო ახლა? პასუხი მარტივია, ის უნდა აკეთო, რაც გინდა, მაგრამ ამის გაკეთება არც ისე მარტივია ჩემთვის. არვიცი უნდა დავადო თუ არა ბოლო ასანთის ღერი ჩემს პირამიდას, რადგან მეშინია ყველაფერი თავზე არ დამემხოს. მეშინია ათი ცალი ასანთის ღერი თავზე არ დამემხოს, რადგან ეს იქნება ყველაზე და ყველაფერზე მძიმე ჩემთვის.ყოველი მძიმე წუთი, როცა სიცარიელეში ეშვები, სადაც მხოლოდ სივრცე და უიმედობაა,სადაც არ იციან რა უნდა აკეთონ დარჩენილი ათი, ოცდაათი თუ ორმოცდაათი დღე,არ იციან სად იყიდება ყველაზე გამძლე თოკები და არ იციან სად უნდა იყოს ხე. ახლა ვზივარ ჩემს მაგიდასთან, წინ მიდევს ერთი კოლოფი "კომეტი", ერთი ჭიქა წითელი ღვინო და ვფიქრობ იმაზე, რომ ოდესღაც ვფიქრობდი ვყოფილიყავი პრეზიდენტი.ვიღებ ერთ ცარიელ ფურცელს და ვწერ - „თვალები ფართოდ გაახილეთ, სანამ ამის დრო დაგრჩენიათ“ ამ ყველაფერს ვუსვამ წერტილს,ვსვამ ღვინოს,ვუკიდებ სიგარეტს და ვრწმუნდები, რომ არავინ ვარ,ვრწუნდები, რომ ამასაც არავინ წაიკითხავს. „მე უკვე გავხდი საკუთარი თავის პრეზიდენტი”.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი