წასვლის ტრიპტიქი
ნეტავ ამ ჩემს ოთახს, თავისივე მოსხმული ტოტები დაახრჩობდეს, რომლის კედლები დავიზეპირე გავეცანი მათ მეტასტაზებს და საღამო ხანს,სავსე მთვარისას ქუჩაში ვასეირნებ. გვიყურებენ და ვერავინ გვხედავს, თუ როგორ გვკიდია ტკივილები ყელზე მედლებივით, ამ ბოლო ხანს მუხლებშიც დაგვიდგა და მხრებზეც დაგვაწვა და იქით ვეკითხებით: პარკინსონი ხომ არ გაწუხებთ? ხომ არ გიჭირთ სახელურზე ხელის შეხება? მათ არც იციან,საით შეაბრუნონ თავი, წაშლილი პეიზაჟი. ჩემს ოთახში,ნახევარი მეტრი თოვლიანი მიწაა, დანარჩენიდან მცენარე ამოდის. მე წამოვედი,-სახლი აივსო (2) აივანზე გადმოვხრილვარ და საკუთარ თავს ტროტუარიდან ვაკვირდები: იმ ბავშვს ვგავარ თოჯინების ვიტრინას გარედან რომ ათვალიერებს. მე მავიწყდება როდის ვცხოვრობდი უკუღმა, ფარდების ნაცვლად ორიგამები მეკიდა მუდამ. ვიღაცას ალბათ შვიდბალიანი ვეგონე, დაუსრულებელი დაუწვავი ამოუქოლავი. არადა როგორ იყო, ქარი რომ ამოვარდა და ქოლგები დაგიკეცა, ეს ქარის მოძრაობაც მტკიოდა და სულ ნაწილ-ნაწილ ნაწილ დავიშალე. აივანზე რაღა მინდოდა, ხის ამოსვლას ველოდებოდი,ძალდაუტანებელს,ყვავილობადაუბრალებელს. (3) ახლა ვიცი,ერთი გაელვება მჭირდება მხოლოდ, მშობიარესავით დავიკივლო მანტრა* და ალბათ სული გადმომივარდება. სხვა რა უნდა მოხდეს? ცუდი ჩვევები გაგიჩნდა-მითხრეს, ნუღარ ირწმუნებ, რადგან გადაბმული ვიყავი ყველა მკვდარზე და ორმო ვიყავი, ბოლო წვეთი რომ ჩაედინება. მე ხალხამდელი ვარ, ვერცხლის ნაფეხურებს ვტოვებ და ჩემი საქსოვი ძაფის ნარჩენისგან სხეულს იქსოვენ. მე წავუსვი საკუთარი თავი კედლებზე და მოკშა* * ვიხილე. საკუთარ თავს მაინც მიწაზე ვაბრუნებ, ალერგიების ქვეყანაში, რომ დაინახო ცრემლით სავსე ამოდენა ქვევრები. მანტრა- სულიერი ძალის მქონე ჰიმნები მოკშა-სულის გათავისუფლება
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი