წინაპრები


ჩვენს წინაპრებს მოსახლობა, ამ სოფელში დაუწყიათ,
თხილის ფაცხა აუგიათ, კვარით ცეცხლი დაუნთიათ,
ეკლესიის საძირკველი, მათ პირველად ჩაუყრიათ,
მის გუმბათზე ქრისტეს ჯვარი, თავის ხელით დაუდგმიათ,

უძველესი ვაზის ჯიში, ხოფათური დაურგვიათ, 
თიხის ნაკეთი ქვევრები, სახლთან ახლოს ჩაუფლიათ,
სტუმრისათვის მენდაოდის, კარი ფართოდ გაუღიათ,
ცაცხვისგან ნახვეწ სუფრაზე, პურმარილი დაუწყვიათ.

ყიშლაში და მაღლა მთაზე, ფიცრის ქოხი აუგიათ,
სოფელსა და სოფელს შორის , მტკიცე ხიდი გაუდვიათ, 
კუთხის აღმშენებლობაში, თავის წვლილი ჩაუდვიათ,
ვინც არღვევდა ტრადიციებს, სოფლიდანაც გაუგდიათ.

მტერსაც მედგრად დახვედრიან, ხმალი ძირს არ დაუგდიათ,
რჯულის დაცვის საფასურად, ბევრჯერ სისხლიც დაუღვრიათ,
დაჩაგვრა და ძალადობა , ვაჟკაცურად გაუძლიათ,
მტერს არ დამორჩილებულან, თავი ძირს არ დაუხრიათ.

ეკალ- ბარდი გაუკაფავთ, ველ-მინდვრები დაუხვნიათ,
მოსავალი ხის ბეღლებში, ხვავიანად დაუყრიათ,
და მაისის თკბილი თაფლი, კოლოფებში ჩაუსხიათ,
ცალკე დადება არ ცოდნიათ, ყველასათვის გაუყვიათ.

ქორწილებში დასალოცად, ხელში ყანწი აუღიათ,
სოფელში თუ სხვა კუთხეში, ქედმაღლურად გაუვლიათ,
თავი არ შეურცხვენიათ, მტერზე სისხლი აუღიათ,
უფროსი დაუფასებიათ, წინ არასდროს გაუსწრიათ.

მოყვრისათვის გულის კარი, უფრო ფართოდ გაუღიათ,
ნაჭაპან-ნაჯახირევი, შვილებისთვის დაუთმიათ,
ზოგს კი იმათი ამაგი, არაფრად არ ჩაუგდიათ,
თუ ვინ იყვნენ წინაპრები, ბევრს დღესაც ვერ გაუგიათ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი