ჩემს ხეობას ვენაცვალე


კიკიბოდან თვალწინ გაშლილ, ჩემს ხეობას ვენაცვალე,
ბევრჯერ მქონდა წასვლის შანსი, მაგრამ სხვაში არ გავცვალემ
ოღრო- ჩოღრო ღელე ღურდანს, ჩემი თავი ვანაცვალე,
ბევრს უნდოდა შექება და მოვასწარი, არ ვაცალე.

ნაქოხვარას ფეხი დავკარ, კარას სერზე მევთქვი სული, 
ბაბანურზე პური ვჭამე გომარდულში ჩავდე გული,
აქ მამყოფე, მანავარდე, სულ არ მინდა თქვენი ფული,
ხეობამაც ალალ მიყო დამილოცა, ჯიში-რჯული.

ჩანაქურში მეგობრებთან, პური ვჭამე, ვინავარდე,
ჩემი დაწყებული საქმე, წარმატებით დავამთავრე,
ვაზებს მოვუსუსუნე და მიწა ძირზე მივაყარე,
ამისრულდა რაც მინდოდა, გულის ჭია გავახარე.

ნაღვარევში, ჩემს იოსებთან, სახლიშ კოჭები გავრანდე,
ყოველდღე იქ მინდა ვიყო, ნაკალვევის წყაროს ვსვამდე, 
ნაორდვალის სერზე დავდექ, დუნიაზე ცქერა ვცადე,
ისე ძლიერ მომეწონა, იქ დავრჩები ამ ზამთრამდე.

ჩემს ყორნალში, დიდ ქვებისგან, ძველებურად ყორე ვყორე,
მამულებს მივადექი და მოვეფერე, ხელით ვტორე, 
იქ დაყრილი ქვის ლოდები, თავდაღმართში დავაგორე,
ღმერთს მადლობა შევწირე და თან დუშაში გავაგორე.

მე იმ ვაჟკაცს ვენაცვალე, ვინც აქ ფუტი აადინა,
ეკალ- ბარდი გაკაფა და მიწას ბუღი გაადინა,
აქ ცხოვრების წესი შექმნა კანონები დაადგინა,
თავის პირმშოს მოეფერა და აკვანში ჩააწვინა,

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი