01.10.2022 | ***
დავიარები ისევ მარტოდენ მიუხედავად ბევრნი არიან, მიუხედავად გვერდში მიდგანან გრძელ ბეწვის ხიდზე მარტო დავდივარ; საინტერესო არის გარემო, ბურუსი ჩემი მეგობარია, ფორმებს ვაკეთებ ძაღლის და კურდღლის და არხეინად გზა მიხარია; ხან საშიშია ქვევით ჩახედვა, ხან სიამაყე მაყურებინებს, ხან სევდიანად ვუყურებ ყველას; მინდა შევეხო მაგრამ, დამანგრევს; ეს გზა ჩემია, ის მე ვიპოვნე, სხვა სულიერი თვალით ვერ ამჩნევს, თუ მივუთითებ ვერ აღიქვამენ და თუ ვიარე მარტოს მხედავენ; მარტო არა ვარ დაბინდულ გზაზე, ბინდში ფორმები მესალმებიან, მეგებებიან, მათ ვენატრები, მათი არსობის დასტური მე ვარ; გამოვიყვანე, გამოვაცოცხლე, სული შთავბერე, ვანხორციელე, ვადემონსტრირე, გავაფერადე, გამოძერწილი ყველას ვანახე; აღტაცებული უმზერდა ყველა, თითქოს თვითება თავად ჰქონოდა, მის გვერდით დგომით ვამახინჯებდი ამიტომ შორით ტკბობა დამჩემდა; ახლაც ასე ვთხზავ, გადმოვცემ ნანახს, შევამკობ, დავხვეწ, დავდგამ ლამაზად; ისევ შორს, ჩრდილით შევიმოსები, ისევ ჩრდილების სპეკტაკლებს დავდგამ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი