საახალწლო სურათი


კერაში ცეცხლი გუზგუზებს,
ციმცირებს ალი ალზედა;
გარშემო სხედან ბავშვები,
ძილი არ მოსდით თვალზედა.

დედა პურსა ზელს, ბებიას
მოაქვს ხაჭო და ყველია;
ქოთნით რძე შესადედებლად,
შავ ძროხის მონაწველია.

მამა საფუტკრეს ყოფილა,
მას თაფლი მოაქვს გობითა,
ვით ქარვა, ისე ბრწყინავენ
ფიჭები გარეგნობითა.

კალათში რაღა აწყვია? -
ვაშლები, ბროწეულია,
ჩურჩხელა, ტკბილი კვერები
და მსხალი მოწეულია.

კერიის ახლო მჯდომარე
ჩიჩილაკებს თლის ბაბუა;
ტკბილად უმზერენ ბავშვები
სუყველა კისერ-ღაბუა.

ამ კუდაბზეკილ კატუნას
ნეტავი რაღა სწადია?
ესეც გრძნობს ალბათ, რომ ხვალე
ახალი წელიწადია...

დედა შვილთ ემუდარება -
დაწექით, გენაცვალეთო,
ამდენ ხანს ჯდომა-მზერითა
განა არ დაიღალეთო?!

პირჯვარი გადაიწერეთ,
დალაგდით, დაიძინეთო,
დილაზე ადრე ადექით
და ტკბილად მოილხინეთო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი