ესეც სააღდგომო
გეფიცები ჩაცემენტებულ ყოფას, მომენატრე ბავშვობაზე მეტად, ტალახში მოტყაპუნობს წვიმა და ნისლებს ბატკნებივით იკრავს, მიერეკება ჟამი, როგორც დაქანებულ მთაზე გადავარდნილი წყალი. ვერაფერს ვერ მოვასწრებთ ალბათ, ცხოვრება დაგვტოვებს ხიშტად, ორი თარიღია მარტო და მათ შორის გავჩხერილვართ ოხრად, გადაითოვებს მგონი ეს აციებაც ყოვლად, მოვა განშორების ჟამი, დაუვიწყარი, ობლად. იებს ჩავუჩოქებ ტყეში, წერტილოვან გულში დავუმიზნებ კოცნას. რბილია ეხლა ვიცი მიწა, შავი, ბალახებს, რომ დაიტევს შიგან, და ყველაფერზე მეტად, შენი მონატრება მიყვარს. ყაყაჩოების ტუჩებს ვატყობ მონატრება შერჩათ, შავი არშიები გულთან და ნაწვიმრობა ერთად. მერე მზე მთვარესავით მთვრალი, გაგვეარშიყება როცა, კუდს მოიქნევს და ზღვაში ჩაეშვება; ცივ წყალზე დატოვებულ ბილიკს ვერავინ ვერ მიყვება, ხოდა, დავრჩებით ბავშვები ზღვასთან, ვსწავლობთ კენჭების ტყორცნას. მოვიდა ცხოვრება, მაგრამ, ასე ამბორივით მორჩა. ეს სააღდგომო დილა ბეტონის სახლის კიდეს, აბამს მომწყემსილ ნისლებს, და დასველებულ ქვებთან ბალახი იჭყიტება მწვანედ, და წერტილოვან იას გულში გაუმაძღრად იკრავს. 15.04.2017.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)