მიყვარხარ


ერთ დღესაც
ძალიან მეტკინება გული.
ერთ დღესაც
კვირტებს დაეყრდნობა
                           თოვლი.

და ნუშების აყვავების ნაცვლად
ღრუბლებს აპენტავენ
ჭიშკრის გაღებულ კართან.

იტყვი:
„არ გახვიდეო გარეთ ,
წინდა გაგაციებსო სველი.“
მე კი ველოდებოდი ზამთარს,
ოღონდ არა გაზაფხულისთვის,
რომ შეეშალა ხელი.

ნუშის ნაზი ყვავილი
იზმორებოდა კვირტში,
უკვე მიწაში გადაბრუნებას
ფიქრობდა თესლი .

მოვიდა
წვიმაშემოსილი თოვლი,
და სამყარო-
ფურცელი-შეიქნა თეთრი.

რაღაც ახალს წერს
ცხოვრება ზღაპარს,
მუსიკა იკინძება ნოტებზე
                             ძველი.

ხელისმომწერი
დასასრულში არ ჩანს.
ვკითხულობ და თოვლივით
ვიპარები, ვდნები.

სულ ერთი პეშვი
ვიქნები ალბათ,
თოვლი ნუშის კვირტებს
რომ დაიჭერს ხელში.

რა ვქნა ?!
თოვლი შემოიპარა ჩუმად
და სამყარო
 ფურცელი გახდა თეთრი.

მჭირდები საშინლად,
მაგრამ
იქნები სარკე
აპირთავებული ჩემით.
...
ყვავილობას
ფიქრობდა ნუში.
წვიმა ფიფქს იწნავდა
                        თმებში.

                               06.12. 2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი