გველების მოდგმა
გველების მოდგმა წამეკიდა, დამიწყო მტრობა, სისხლი, დაწმენდილი, ამიმღვრია მე ამ ბრძოლამ. მოდით, შამამხვდით, რად დადექით შორად?! ერთად ვუზიდოთ საჭმელი ყორანს. ძირ-ძირ დათხრილი ხეებით შეგიკრავთ ბორანს, სისხლის ტბას გაკვეთს სწორად, საიმქვეყნიოს ხომ არა ჰგონებთ შორად?! მაგ თქვენს ცუდ ყმობას გაგიფენთ ფონად. არ გაგიმუხთლეთ, ამოგეგებეთ, რაიღა დამირჩა?! წამეკიდეთ, დამიწყეთ მტრობა! გასწით, გამზადეთ ველები, უნდა გაწვიოთ ზიანი, ზოგს აგიტირებთ დედებსა, ზოგთ მტვერი ჭამეთ გზისანი, თუ მთის თავს შამაგეყარეთ, მოსკდება ზვავი მკვდრისანი, თუ ჭალას შამომეფეთეთ ადგილ ვერა სცნათ ცდისანი. წადით, აწვიეთ გლოვითა თქვენ სულთა გამომტირალნი, ჭურნი აავსეთ ცრემლითა, ნაწნავზედ ჩამომდინარით, თორემ თუ შამამეყარნეთ, უკვე იქნება გვიანი. მუხათ შტო შამაემტვრევათ, ქარი იდგება ხმლისანი. გასწით, დათხარეთ საფლავნი თქვენ ზომა სიდიდისანი. ცხენზე თუ ნახოთ სიკვდილი, ჩემი ნაფიცი ის არის, თუ შაგეყაროთ ბინდი რამ, ჩემ ჩოხის ნაწყვეტ ის არის, თუ შაგეპარათ ნისლი რამ, უფსკრულთა პირსა მძინარი იცოდეთ ჯავრი რამეა, ჩემ მკერდით გამომზირალი, გულის მჯიღს დაუტევნელმა, ცაც გამოჭედა მტირალი, თუ სადმე წამაგელალათ, დაგძალოთ შიშმა, ის არის! ჩემ მტერი წამკიდებელი, მხოლოდ მკვდარ ნახოთ მძინარი, ასრე გავუხდი საწუთოს, სხივნი ეცივოს მზისანი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)