არწივი გზას გაუდგა


ამ სამზეომ გვერდ იცვალა,
დედისერთა დიაცივით
საჯაროზედ დაბზრიალდა,
დახნულ მიწას დაემსგავსა,
ბელტებივით ატრიალდა,
გველებრ ჩაწვა, ჩაიხლართა,
ბოლო პირით დაიჭირა,
ბუდე კარგად გაიმაგრა,
სველი წელი დაკოკრილი
საჯაროზედ არ იმართა,
ცრემლის ჯაჭვმა არ ივარგა,
ჩალისაებრ დამიფანტა.
თხოვნის საგზალ არ იკადრა,
საარაფროდ გამიხადა,
ორკაპ ენა გადმოაგდო,
მათრახივით ათამაშა,
ჭურს ნაბზარი დაუჩინა,
სისხლს ღვინობა არ აცალა,
წითელი ტბა გაიმზადა
ჩაწვა შიგ და იცურავა,
როცა გაძღა, გაილაღა,
ენა სახრედ ამუშაკა.
სული - მატყლის თეთრი ქულა,
გამიჩეჩა, გამიფანტა,
გულს ფეხებში ჩაუგორდა
სულ ფესვები დაუთხარა,
მუხა, მთვარის ნაუღლები,
მიწის მტვერით დამიფარა,
მუხა, ქარს რომ კოჭს ამტვრევდა,
ჭიაღუათ გზად გაუხდა,
მუხა, მზეს რომ აბნელებდა,
ბალახებთან გამიცუდა,
მუხას მხარს რომ არწივ ეჯდა,
ის არწივი გზას გაუდგა.
უცხო მხარე მოიარა,
ჩემთან უკან არ დაბრუნდა,
უცხო რამე სახილველი
ნახა, თვალი მით აპურა,
ჩემი ნატვრის მსურიელი,
გული ამით გაიცუდა,
უნდო ყვარებულს მიმაგდო
არ ვიცი, სინდისს რა უქნა.
გველის ნაფერებ რო მნახა,
გული იჭვებმა დაუღრღნა,
ორკაპი სახრე სულს მოხვდა,
მატყლებ დაჩეჩა- დაწეწა,
ქარმა ხელი წამოავლო,
მთებს გულ-მკერდზე მიაფეთა.
თითქო მომკვდარა არწივი
ბუმბული მოდიდდა მტვერად,
არ ვიცი მოკვდა არწივი,
არ ვიცი გველმა სული ჩეჩა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი