ყოლისა


ნაშუაღამევო ფიქრებო,
ნეტამც მამწყინდეთ ყოლისავ,
სწორპირ გიჭვრეტდეთ ნაყვარევთ,
თავ არ მტკიოდეს ქონისგან,
ვიყო და ვყოვნო ყოფისას
სიკვდილზე გადაზომისგან.


გულ-სიყვარულის ნატერფავს
პირთამდე ცრემლით მოიბანს.
ავსებს და ვერღა ივსების,
მწვერვალთა თოვლის დნობისგან.
შეგეფეთები თოლით და
განვიზიდები ყოვლითა.


ყოილთა ჩქამი ნიავში
ან წვეთი ღრუბლის წყობისა ...
არცრა მინდოდა აროდეს.
თავი არ მქონდა თხოვნისა.
თავისით ჩნდება სამყარო
ერთი პატარა მდოგვისგან.


გული ნატერფალს მიაგავს.
ნახჭნში ჩავარდნილ ყოფისას,
შიგნი კამკამებს ცრემლები,
წამწამზე ჩამობროლვისა.
მზიანებს ყორნის ბალანი
სისხლისფრად ჩამოქროლვისგან.


არარის?!
              ჭრაქი ჩააქრეთ,
სული მეხუთვის ხრჩოლვისგან.
შავ ჩოხას მბზინავ ყაწიმებს
დარდ-ჟანგად შაჭამს, ომისგან.


ვკვდებოდე, არღა ვრჩებოდე,
აღსრულდა, რისთვის, ვშობილვარ!
მკვდარ გულ აბრუნდეს ბელტისებრ
- გიყვარდე მარცვლად მდოგვისა,
ნაალაფარი კი არ ვარ,
ცალი ვარ შემოხვდომისა!




15.04.2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი