ცხელა


ცხელა,
არაბული ასოებივით
 გართხმულან ძაღლები,
შენ ჩემი გჯერა
და სიყვარულით გიცინის თვალები.

დუმილის ფარდას
არწევს გრძნობათა ნიავქარები,
მაისობს ახლა
სხვათა ეზო და ბაღჩა.

მხოლოდ ნიავი მოიტანს
ვარდებით სავსე კალათას,
თუკი შეიძლო
მდუმარების მძიმე
ფარდის გადახსნა.

მიყიდე ვარდი
წითელი, თეთრი,
მაგრამ ყავლი გასვლია
იმ ფულს,
შენ რომ გიჭირავს ხელში.

იღვრება ვარდების
სურნელოვანი თქეში
ამ მდუმარების
ფარდების ქვეშით.

ცხელა,
არაბული ასოებივით
 გართხმულან ძაღლები.
ვკითხულობ ზაფხულის სცენარს -
ეხლა ჯერ არს
მოქმედება დაიწყოს მეორე,
პირდაფჩენილ მაყურებელთა
 ტაშის გრიალში,
გაისმის მდუმარების
 მძიმე ფარდის ზანტი შრიალი.

გამოდის სიშიშვლე ქალის
ბერძნული ქიტონით
და ვარდებით შემკული თავით,
მონოლოგი  - დაუგლიჯავს ბაკქი,
დიალოგი ბაკქანალიით
დაღლილი ხალხის ...

ფარდა ეშვება,
მოვიდა ცხელი წვიმის ორთქლი,
სცენარი წაიშალა -
 კლასი ნახატი ფორთხვით,
და ცხელ ზაფხულის ღამეში
ჩაეცხო მთვარის შოთი.

სცენა ვერ უცვნია,
ფარდა ვერ უგრძვნია,
ყოფილა თეატრში ლოთი.

ძაღლები ყმუიან,
თვალებიც ტყუიან,
ტრიალებს ჰაერში
წვიმის ორთქლი.

ნასროლმა ვარდებმა დაკაწრეს
მდუმარების დაშვებული ფარდა,
ცხელა,
ძალიან ცხელა
ახლა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი