სოხუმის დაცემა


ყოვნის უფალი! ლაზარე დახვდება მკვდარი.
 და მარიამიც უფლის ფერხთან მჯდარი, მართასავით იქნება გლოვით მკვდარი.

 უფლის მეგობარი დაფლული არის, ურიაებრი ისმის ზარი.

 მოდის! მოდის ჯარი, მგლოვიარი!
დაქვრივებული რძლები, დაობლებული ყრმები, გაბერწებული წლები,
ჩამორღვეული მთებით, უვალი გზებით - ეგვიპტისაკენ ლტოლვით  ხსნა.

 ვითარმე აღმოგვხდეს აწ სიონის ხმა,
 ყორნებს უტოვებ დაუმარხავ მკვდარს 
და თანაც გულისცალს.

ვიდრემდე ყოვნო, ღმერთო ჩემო? 
განაპო მიწა აბელის სისხლმა, 
წყვდიადში ისმის კაენის ჭრტინვა, 
ოჰ, ოდეს აღუდგენს თესლს ღმერთი დედას შვილმკვდარს.

 მიმოდაზრუნავს მართა, რა ჰქნას?! ამდენი უხამური, ამდენი უმაძღარი, ამდენი უსაფარი და . . . ადგილიც უდაბური არის. 

. . . ყოვნის უფალი,
და . . . და გზად ამდენი მწყდარი, არც რა გვაბადია ხუთი პურის და ორი თევზის მეტი და ვწყდებით, უმოწყალოდ ვწყდებით!

მრავალთათვის მიმოდაზრუნავს მართა
და დარდად არ აქვს ახლა, რომ მარტო დარჩა:
მარიამი გლოვად გახლავთ. 

ურიაებრი ისმის ზარი. ლაზარე, უფლის მეგობარი, ოთხი დღის არის მკვდარი. 

ისეთი გვაქვს დარდი, ღმერთიც კი სცრემლოებს უძლურებას ჩვენსას, ვიქნებით ცხოვარნი კვლადნი, ოღონდ შევირაცხოთ შენსას.

ლაზარე ,,ყროდისღა”, ოთხი დღის არის მკვდარი. 
დავგმანოთ, დავგმანოთ გლოვის ლოდით შემავალი გულის კარი,
 ღმერთს დავუმალოთ ჩვენი ცოდვების 
ყროლი, 
განგოზილ საფლავებს მყოფი, 
მარიამს ურიათა მოჰყვება ჯარი, 
მარიამ,  ლოდით დამალე ყროლი!

 მოდის!
მოდის იესო, 
ვითარცა კრავი, 
ურიებს ჰგონიათ ექნებათ ძალა, სასიკვდინედ შეიპყრან აღმადგინებელი მკვდართა, 
ლაზარე გაუყვა ჯოჯოხეთისკენ ოთხი დღის სავალს.

 დარდის ლოდით ვმალავთ საფლავს, საფლავს ცოდვების ყროლით და მიმოდაზრუნავს მართა მრავალს, მრავალს
#dorotea #author 
#დოროთეა #პოეზია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი