სიკვდილს


სიკვდილს რა უნდა ჩვენთანა?!
სიკვდილს მემგონი ვუყვარვართ,
ასე დედური გუმანით,’
სულ მუდამა გვყავს გვერდთანა.
ასე ქალური ალერსით,
მოგვეფინება ფერხთანა,
არ იცის მაგან ღალატი
იცის პირობის შენახვა.

მე და სიკვდილი შავფერი
დავიარებით ერთადა
სულ მუდამ ვემახსოვრები
გამოგზავნილსა ჩემთანა.
ჩოხის კალთაზე დანაფლეთს
ამ საწუთოის კბენასა,
სიკვდილი გარდაუვალი
მოეფინება მხსნელადა!
სჯობდეს ვინ იცის სიკვდილი,
ამ უაზროსა გდებასა;
სამშობლო გაგივერანეს
ვერა ტვირთულობ ვერასა!
სისხლით ნაერთებ მიწასა
უსისხლოდ უთმობ ყველასა,
სჯობია ნაღდად სიკვდილი
უპატრონოსა გდებასა.

მიწაში გამოხვეულსა
სინდისი ვეღარ გქეჯნავსა,
კავკასიონზე ამირანს
გამოშიგნულსა ვხედავ და
სიკვდილთან ვიყვე ჯაბანი
ჟანგიანი ხმლის ჭერასა,
ალგეთს ლეკვების თამაში
აუტანია წერასა.
ბაზალეთის ტბის აკვანში
ყრმასა ვერავის ვხედავა.
სიკვდილი თუ არ მიჯობდეს,
მე ამისთანა თმენასა.

მოდი დაჰყეფე არწივო
სიკვდილის გამოჩენასა!
იყვე და საქმე ვერა ქმნა
ეწიოს დამაწყევარსა!
დარლამსაც შეწირული ხარ,
ყელთან ჭრილობა შეგახმა,
მტრის კარს კიდია მარჯვენა.
ელის ქარების რხევასა,
თუ არა ჯობდეს სიკვდილი
ასეთსა დაბადებასა,
მიწაში ვიწვე ჯობია
ამ არტახების ჭერასა.

შავ ჩოხაშია სიკვდილი
ფრანგული ხელში ელავსა,
ერთი წუთია სოფელი
გავს წელზე ქამრის შეხსნასა;
მარადი ყოფა სულისა
ვერ დატეული ვერსადა,
შენ გაიხარე სიკვდილო
მიმყვანებელო ღმერთთანა!

10.10.2016

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი