მთვარის მეორე გვერდი


ფიფქი ფრთამალი 
და მერე ტრამალი
არსით სავალი, გარდამავალი. წარმავალობა-ქვეწარმავალი, 
დამნაშავეა 
მთვარე 
            მთავარი!

მთვარის გვერდზე შეკიდებული ბნელი
ეს მე ვარ, ეს მე ვარ  შენი. 

გახსენი ბაგა, 
აქ ვყოთ სერი,
 დამშეულია გზაზე ბევრი, 
მე ვარ მთვარის
 მეორე გვერდი, 
ანდა შენგრეული ფერდი.

დაკარგული დროის სევდა, ამოსხმული პეშვად
ეს მთვარეა
მორთმეული შენდა, 
ერთად შევსვათ! 
წარმავალი ყველაფერი ქრება. 
ეს ის ბნელია, 
როცა გელიან, ახლა მიტოვება ყველაზე ძნელია. -

-და მე დავრჩი
-- პეპელა მატლში!
მთვარე, დამნაშავე მთავარი, არის ამ სიბნელის სიმძიმით წელში გამწყდარი, 
ღამე კი-საკინძე ამწყდარი, 
ო, როგორ არის 
დარდისაგან მთვარე 
გამხდარი?!
                  
2000.01

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი