ზამთარი
რაღაც ამინდია უნდო, სრულად მეზარება ვიყვე, მხოლოდ ბეღურები უფრთოდ მიეხლართებიან სივრცეს, რაფაზე დაეძებენ საკენკს, ასე გაურბიან წვიმებს, თითქო ფრენისათვის შექმნილთ სხვა რამ ეხებოდათ კიდევ. ზამთრის ჯურღმულებში ძრომას, უკვე მიეჩვია ყველა, მზის ქოთანში ვეღარ ყვავის სხივი, უნდა გადანერგვა.. ჩამოიწურება დარდი მკვდრებზე შენაკვართი კაბით, აბა რას გვპირდება დღეთა თოვა, ფიფქებს როცა ბარდნის?!.. ველი მონატრებას შენსას როგორც მთების შეძვრას! ვეღარ გამჩნევ ვერსად და შენთვის ყოფნის აზრი უკვე სანთელივით ქრება. ვარცლში ჩატოვებულ ცომს ჰგავს ცაზე ამობურცვა მთვარის. მომესაკლისე-თქო ვგონებ, მაგრამ ვერ აღგადგენ წაშლილს! შორით გამიჩერდე მიჯობს, წარსულს ვზეპირობ თითქოს. მხოლოდ საყვედურის ხმებით, ძაღლის გალოკილი ძვლების მსგავსი იყო წლები, გაუხსენებლობა მომდევს როგორც წირვას სეფისკვერი. დღეს აღარ ებმის ღამე, მხოლოდ აჭრიალებს კარებს მასში გარჭობილი მთვარე. წვიმა მთელი ღამე ჩუმად თოვლად გარდასახვას ითხოვს. იზღარბებოდა გარეთ და სახლში არაფერი იხმობს, რამდენი სისულელე მოხდა. რამდენი უაზრობა იყო, ფეხი დაიბერტყე კართან, გაიძრე ფიფქიანი კაბა. არ მსურს, დამიცურდეს ფეხი ფრთების ყავარჯენით მავალს. .. ზამთრის ჯურღმულებში ძრომას უკვე მიეჩვია ყველა. ჩამოიწურა დარდი, მკვდრებზე შენაკვართი კაბით. ბეღურები აეხლართნენ სივრცეს, სივრცეს უსაშველოდ მთვლემარს. სრულად მეზარება უკვე ამათ ასაკენკად გდება. ზამთარია. ძვლებზე დასულ ჯაგლაგს- მთებს არ ჩააცვამს კაბას, თოვლის ფიფქებით ნაქარგს 23.12 2018
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)